საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მთავრობა ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-10

--

მთავრობა ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის, - შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება მთავრობას დღეს წარედგინა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ თემაზე სამოქალაქო საზოგადოების არგუმენტირებული მოთხოვნა არსებობდა.

„ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა თითოეული ჩვენგანის პრიორიტეტია და ბუნებრივია, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. დაგეგმილი გვაქვს რიგი ღონისძიებები და ამას ვაკეთებთ ისე, რომ დაცული იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი პრინციპები - ადამიანის უფლებები და თავისუფლება. ჩვენ ვამკაცრებთ ცივ იარაღთან დაკავშირებულ რეგულაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. ბუნებრივია, საუბარია არა მხოლოდ დანაშაულზე რეაქციის გამკაცრებაზე, არამედ პრევენციაზე, ცივი იარაღის უკონტროლო ბრუნვის აღკვეთაზე. ჩვენ მაქსიმალურად დავეყრდენით ევროპული ქვეყნების გამოცდილებას. საქართველოში დღეს არსებული რეგულაციით, ცივი იარაღით ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის  სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს ხდება ფაქტობრივად ყოველგვარი სტანდარტის დაცვის გარეშე. ეს მიუღებელია. ჩვენი რეგულაცია ითვალისწინებს ახალი პრაქტიკის, ახალი რეგულაციების დანერგვას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საშუალებას მოგვცემს, დავაზღვიოთ ძალიან ბევრი რისკი, რომელიც ზოგადად ცივი იარაღის უკანონო ბრუნვას უკავშირდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური