საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, თბილისი ვაქციოთ ევროპულ დედაქალაქად ყველა სტანდარტის მიხედვით ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-08

-

ჩვენი ამოცანაა, თბილისი აუცილებლად გავხადოთ ევროპული კატეგორიის დედაქალაქი ყველა სტანდარტის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მთავრობის მიერ გაცხადებული მწვანე პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და უმთავრესი პრიორიტეტია.

„შეძენილია 90 ახალი, უმაღლესი სტანდარტის ევროპული კატეგორიის ავტობუსი, წლის ბოლომდე კიდევ 200 ახალი ავტობუსი შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში ძველ პარკს ფაქტობრივად მთლიანად ჩავანაცვლებთ. ჩვენ დამატებითი რესურსი გამოვუყავით თბილისის მუნიციპალიტეტს, რათა მომავალ წელსაც განაგრძოს ეს პროგრამა. მომავალ წელს ელექტრო ავტობუსები დაგვემატება.თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, რომლითაც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ. ვიცით, რომ ჩვენს სხვა მიმართულებებში გვაქვს პრობლემები, როგორიც არის მაგალითად თბილისის მეტროპოლიტენი. თბილისის მუნიციპალიტეტს გავუზრდით ბიუჯეტს და დაიწყება მეტროს ახალი შემადგენლობების შემოყვანაც. გპირდებით, თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი და ამას აუცილებლად შევასრულებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა კახა კალაძესა და მის გუნდ პროექტის მოკლე ვადებში განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალი MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები დედაქალაქის მერმა წარადგინა.

თბილისის წელს ავტოპარკს Euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მომუშავე 90 ახალი ავტობუსი ემატება. ტრანსპორტი გათვლილია 82 მგზავრზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ტრანსპორტი აღჭურვილია საინფორმაციო ხმოვანი სისტემით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, ასევე USB დამტენებით და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალებით. 8 თვეში დედაქალაქს კიდევ 220 ერთეული, ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი დაემატება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური