საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ორგანული პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-05

  ..

მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხარისხის ნიშნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხარისხის ნიშნის მნიშვნელობას პროდუქციისადმი ნდობის გაზრდაში და აღნიშნა, რომ მისი ფლობა გაყიდვების მაჩვენებელს გააუმჯობესებს და მწარმოებლებს საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც გაუმარტივებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, რაც სწორედ ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ ორგანული პროდუქციის წარმოების გზით მიიღწევა. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, მთავრობა ე.წ ორგანული პროდუქციის მწარმოებლებს ეტაპობრივად გადასახადისგან სრულად გაათავისუფლებს.

„ჩვენ ნატურალური წარმოების დიდი ნაწილი უკვე გავათავისუფლეთ გადასახადისგან. გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა, რომ ყველა საწარმო, რომელიც შეძლებს, დააკმაყოფილოს ეს უმაღლესი სტანდარტი და აწარმოოს ბიოლოგიურად სუფთა, ე.წ ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ნაბიჯ-ნაბიჯ სრულად გავათავისუფლოთ გადასახადისგან. უფრო მეტიც, ჩვენი ამოცანაა, ასეთ წამოწყებებს მივცეთ მაქსიმალური ფინანსური სტიმული, რათა ყველა საწარმო გადაერთოს სწორედ ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოშვებაზე.  მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება და ეს არის შანსი საქართველოსთვის, ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ გლობალურ ბაზარზე, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოში ახალი მცირე საწარმოების შექმნას წაახალისებს, რაც საბოლოოდ სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს.

„დღეს, ჩვენი მოსახლეობის ფაქტობრივად 40 პროცენტზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, თუმცა მთლიან შიდა პროდუქტში, ჯერჯერობით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი მხოლოდ 9 პროცენტია. სწორედ ეს არის სიღარიბის წყარო.  ვფიქრობთ, ორგანული და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება არის სოფლის მეურნეობის განვითარების ერთადერთი სწორი გზა, ისეთი გზა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, უახლოეს მომავალში მიიღოს კონკრეტული შედეგი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიუხედავად იმისა, რომ ხარისხის ნიშნის მიღება ნებაყოფლობითია, მთავრობის მეთაურმა მეწარმეებს ამ შანსის გამოყენებისკენ მოუწოდა. მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ეს გაზრდის საწარმოთა კონკურენტუნარიანობას და ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.

ხარისხის ნიშნის  პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. პრემიერმა ჩაისა და თაფლის წარმოების მიმართულებით არსებულ კონკრეტულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.

„მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა მცირე საწარმოების რიცხვი, რომლებიც აწარმოებენ ნატურალურ თაფლს, ასევე იწყებენ ჩაის წარმოებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ისინი, ვინც ხარისხის ნიშნის მიღებით უპირველეს ყოვლისა მოგებული დარჩებიან, იქნებიან თაფლისა და ჩაის, ღვინის, ყველისა  და სხვადასხვა რძის პროდუქტის მწარმოებლები. ჩვენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავიყვანოთ მთელი სოფლის მეურნეობის წარმოება ბიოლოგიურად სუფთა, ხარისხიან წარმოებაზე. ეს ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური შანსია ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ხარისხის ნიშნის  პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამართა. უწყების ახალი რეგულაციით - „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესით", განსაზღვრულია 11 კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი, მათ შორის - „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა", „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება", „ტრადიციული პროდუქტი", „ქართული ხარისხი", „ბალახით ნაკვები",  „ხელით დამზადებული", „მთის პროდუქტი",  „ტყეში ნასუქი", „პირდაპირი დაწურვის წვენი", „ბიოპროდუქტი", „ბიოწარმოებაზე გარდამავალი". სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა და მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური