საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძემ სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს უმასპინძლა  ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-24

----

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ურთიერთმხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე.

განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით. აღინიშნა, რომ სერბეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკური კავშირების განვითარება და პოლიტიკურ თანამშრომლობასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ურთიერთმხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკურ გაძლიერებას, მათთვის სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გამარტივებას, ასევე გამყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის დაახლოებას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების განვითარებაში.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური