საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების განცხადებები მედიისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-16

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

ჩემთვის დიდი პატივია აქ, სოფიაში - ბულგარეთში ყოფნა, რადგან მმასპინძლობს საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი ქვეყანა და პირადად ჩემი ძალიან კარგი მეგობარი კოლეგა.

გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამორჩეული მასპინძლობისთვის.

საქართველოსა და ბულგარეთს ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირები საუკუნეებს ითვლის. ქართველი ძმების, ბაკურიანების მიერ მე-11 საუკუნეში დაარსებული პეტრიწონის მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალეა აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლურ მონასტრებს შორის. ის არის საქართველოსა და ბულგარეთის კულტურული და ისტორიული ერთობის ნათელი სიმბოლო.

გვახარებს იმის ნახვა, რომ წლების განმავლობაში, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება და განაპირობებს ძლიერ მეგობრობასა და აქტიურ თანამშრომლობას საერთო ინტერესების ბევრი მიმართულებით.

მიხარია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო ღონისძიებების პარალელურად მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების აქტიური დინამიკის მომსწრენი ვართ. დღეს ჩვენ შევთანხმდით, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა შევინარჩუნოთ და სამომავლოდ გავაძლიეროთ ეს დადებითი ტენდენცია.

შევთანხმდით საქართველოსა და ბულგარეთს შორის მრავალი მიმართულებით ურთიერთობების განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფაზე.

ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები წარმატებით ვითარდება. გვახარებს იმის აღნიშვნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში მოექცა ბულგარეთი. თუმცა, სამომავლოდ ვხედავთ სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვან პოტენციალს.

დიდად ვაფასებთ ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნიკური თანამშრომლობის მიმართულებით საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობათაშორისი კომისიის ქმედით მუშაობას.

მივესალმებით კომისიის ბოლოდროინდელ შეხვედრას, რომლის დროსაც შევთანხმდით და შევაჯერეთ პოზიციები მთელ რიგ მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე და გამოვავლინეთ სამომავლო ნაბიჯები, რომელთა გადადგმა იქნება საჭირო ამ მიმართულებით პარტნიორობის კიდევ უფრო დასაახლოებლად.
საქართველო და ბულგარეთი გეოგრაფიულად არიან დაკავშირებული. ჩვენს შორის ბუნებრივ ხიდად წარმოჩინდება შავი ზღვა, რაც უნიკალურ შესაძლებლობებს გვიქმნის და უზარმაზარ პოტენციალს ატარებს. მზად ვართ, ის სრულად გამოვიყენოთ, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში. დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საბორნე მიმოსვლის სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს, საქართველოსა და ბულგარეთის საზღვაო პორტებს შორის კავშირების განსამტკიცებლად.

ამავდროულად, შევთანხმდით კიდევ ერთი, თან ორივე ერისთვის უნიკალური პროექტის დაწყებაზე. ის არა მარტო ჩვენთვის იქნება უნიკალური, არამედ მთელი რეგიონისთვის და აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში შევძლებთ გამოვაცხადოთ ახალი ციფრული დერეფნის შექმნა, რომელიც ბულგარეთს საქართველოსთან დააკავშირებს და ამდენად აღმოსავლეთს - დასავლეთთან.

დღეს აღვნიშნეთ, რამდენად დიდი შესაძლებლობები იკვეთება კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის მხრივ, რაც ჩვენი პარტნიორობის მუდმივი განვითარების ინტერესებშია.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრაზე ფართოდ განვიხილეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის აქტუალური საკითხები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე ყველანი ვთანხმდებით, რომ შესამჩნევი წინსვლა გვაქვს ბევრი მიმართულებით, თუმცა ასევე  აღინიშნა, რომ პარტნიორობა საჭიროებს ერთობლივ ძალისხმევასა და ახალი დინამიკით გამდიდრებას. ეს შესაძლებელია ახალი სამიზნე ორიენტირების განსაზღვრით, რაც იქნება ევროკავშირში გაზრდილი ინტეგრაციისთვის დადებული პირობა.

ამ წლების განმავლობაში საქართველომ ძლიერი საფუძველი შეუქმნა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობას - ბუნებრივია, ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების ძლიერი ხელშეწყობით. ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ქმედითი გამოყენება და განხორციელება, ევროპულ სტანდარტებზე და პრაქტიკაზე ეტაპობრივი გადასვლა მრავალ შესაძლებლობას უხსნის ჩვენს ურთიერთობას და მისი მეტად გაძლიერების წინაპირობას ქმნის. 

ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მივაღწიოთ საუკეთესო შესაძლო კანონმდებლობასა და ინსტიტუციურ გარდაქმნას ევროკავშირთან თავსებადობის პრინციპით, რაც მეტ შესაძლებლობებს მისცემს მასთან ჩვენი ინტეგრაციის გაღრმავების პერსპექტივას. ეს არის ზუსტად ის მიზანი, რაც ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საგზაო რუკით არის განსაზღვრული და რაც შეხვედრისას განვიხილეთ. მოუთმენლად ველით ბულგარელ კოლეგებთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო დავწინაურდეთ ევროკავშირთან ურთიერთობაში.

დღეს ასევე განვიხილეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ვახსენეთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი დინამიური, როგორც დღეს.

აღვნიშნეთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიულ განხილვებში  საქართველოს მონაწილეობის და ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხი - რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც აუარესებს მდგომარეობას უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით ქვეყნის ორივე ისტორიულ რეგიონში. 

საქართველო აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას, რომელმაც უდიდესი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიერ ამ მიმართულების გაწეული ძალისხმევის მიმართ. საერთაშორისო საზოგადოების მხოლოდ მტკიცე პოზიციითა და თანმიმდევრული მიდგომით შევძლებთ წინსვლის მიღწევას და ადგილზე ხანგრძლივი მშვიდობის დამკვიდრებას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ 1879 წლის 16 აპრილს ბულგარეთის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 140 წლის იუბილე.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის, ნაყოფიერი შეხვედრებისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩემი ოფიციალური ვიზიტი იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა ჩვენი ერებისთვის დიდი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისთვის, ორივე ქვეყნის ინტერესების დასაწინაურებლად, ჩვენი ურთიერთობის გასაძლიერებლად, გასაღრმავებლად და მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
დიდი მადლობა!


ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი:

მოგესალმებით,
დღეს მნიშვნელოვანი სტუმარი მყავს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოფილი მორაგბეა და ამდენად, დღეს ცოტა სპორტზეც ვისაუბრეთ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მიღწევები დამსახურებით უნდა შეფასდეს. საქართველო გახლავთ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის იქითა სანაპიროზე. ის ასევე არის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭე და მათთვის ევროპასთან ხიდის ფუნქციის მატარებელი. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული ჩვენს ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლის კუთხით მოკლევადიან პერიოდში წარმადობის გაზრდა, ადმინისტრაციული ბარიერების დაძლევა და ევროპაში ბალკანეთსა და კავკასიაში საქართველოს შორის გაზრდილი საზღვაო მიმოსვლა. ჩვენი ყურადღების ცენტრში ექცევა ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. ბულგარეთის ხელისუფლება ცდილობს, გაზარდოს ვარნასა და ბურგასის პორტების წარმადობა, გააძლიეროს ბულგარეთის ჩქაროსნული გზატკეცილები და საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ სახის პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან სურვილი მაქვს, უცხო ქვეყნის დელეგაციების სტუმრობის შედეგად ახალი კონკრეტული პროექტები განვახორციელოთ. საქართველოსთან ყოველთვის აქტუალური იყო საბორნე ტრანსპორტის მიმართულების განვითარება, მაგრამ ახლა პრაგმატული შედეგების მიღწევა გახდა შესაძლებელი.

რაც შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას, ეს დამსახურების პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპის სატრანსპორტო ქსელის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის ციფრული კავშირ-ურთიერთობების დამყარებას, ბულგარეთსა და საქართველოს შორის ოპტიკური კაბელის გამოყენებით კომუნიკაციას. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაპირებთ ამ პროექტის დაწყებას და ახალი კაბელის ჩადებას შავი ზღვის აუზში. ამით კავკასიის მთელს რეგიონს შეეძლება ევროპაში არსებული მაღალი სიჩქარის ინტერნეტითა და ციფრული ინფრასტრუქტურით სარგებლობა. საქართველოს შეუძლია სრულად დაეყრდნოს ჩვენს დახმარებას ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში. ჩვენი კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისად, მხარს დავუჭერთ საქართველოს მიერ ამ აქტივის გამოყენებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ასევე დიდ შესაძლებლობებს ვხედავ საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალში. საქართველოს ჰიდრორესურსების ჭარბი რაოდენობა შეიძლება საფუძვლად დაედოს ჩვენს მესამე ინოვაციურ პროექტს. ამგვარი პროექტის განხორციელება ამჟამად განიხილება ნორვეგიისა და გერმანიის მიერ. ჩვენ ვისაუბრეთ ამგვარი პროექტის დაფინანსების შესახებ და ვფიქრობ ვაჭრობის სფეროში ამჟამინდელმა 10-12-პროცენტიანმა ზრდამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად იმატოს ასეთი გააქტიურებული კავშირ-ურთიერთობებით.

და ბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ბულგარეთსა და საქართველოს აერთიანებს - ორივე ერი მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ. 

ძვირფასო კოლეგავ, იმედი მაქვს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ ერთხელ შევხვდებით, რომ ხელი მოვაწეროთ დღეს განხილული პროექტების თაობაზე შეთანხმებებს. 
დიდი მადლობა!