საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-10

--

ქალბატონო პრეზიდენტო,

ქალბატონებო და ბატონებო,

თქვენო აღმატებულებავ,

ასამბლეის წარჩინებულო წევრებო,


მაქვს პატივი, მოგმართოთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სასახლეში.

ჩვენ ახლა მოვისმინეთ მშვენიერი მუსიკალური ნაწარმოები, ავთენტური ქართული პოლიფონიური სიმღერა, სადაც მრავალი ხმა ერთიანდება კომპლექსში, ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს; ავითარებს და აწინაურებს. ეს არის ქართული ეროვნული იდენტობის ძალიან ძლიერი მარკერი. როდესაც ჩემს ქართველობაზე ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ეს პოლიფონია მიცოცხლდება გონებაში და ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს გვესმის ის - ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესა და მასში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეზე.

გუშინ - 9 აპრილს - საქართველომ 30 წლისთავი აღნიშნა იმ ავბედითი დღიდან, როდესაც 1989 წელს საბჭოთა კავშირიდან თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული ანტისაბჭოთა მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისის ცენტრში - რუსთაველის გამზირზე - სასტიკად დაარბია საბჭოთა ჯარმა ტანკებისა და იარაღის გამოყენებით.

მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ისე ცხადად მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. 1989 წლის 9 აპრილს მცირე ერი გაერთიანდა თავისუფლებისა და სუვერენული არსებობის დასაცავად. იმ დღეს ქართველმა ერმა გაბედა, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებით ესარგებლა საბჭოთა კავშირში. ეს მცდელობა სისხლით ჩაახშეს, თუმცა მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის არ დაკარგულა. იმ ტრაგიკული მოვლენიდან 2 წლის შემდეგ ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ ბრძოლითა და მსხვერპლით საქართველომ დაიბრუნა თავისი ევროპული იდენტობა, რაც ასე შორი გვეჩვენებოდა 30 წლის წინ.

ზუსტად ამ მიზეზის გამო, ჩემი დღევანდელი გამოსვლა თქვენს წინაშე ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩემი ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას.

იმ წლების შემდეგ ბევრი გამოწვევა შეგვხვდა და მათ მიუხედავად, მაინც ბევრის მიღწევა მოვახერხეთ. თითქმის შეუძლებელი შევძელით!

ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩემი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება ეკუთვნის საქართველოსაც და ევროსაბჭოსაც. ამიტომ, ორივე შეიძლება ვამაყობდეთ ამით.

ჩვენ ერთად შევძელით, შეგვექმნა სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან. გამოწვევებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს ამბიცია, მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და დემოკრატიის მოდელი შექმნას, რაც მდგრადი შენარჩუნების პრინციპებს დაეფუძნება.

ქალბატონებო და ბატონებო, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების დღიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო კარდინალური გარდაქმნა და დღეს აღმავალ ქვეყანას წარმოვადგენთ.

20 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა წინ და ევროსაბჭოში გაწევრიანებისას მთელი რიგი ვალდებულებები ვიკისრეთ.

ამ ვალდებულებების ფარგლებში საქართველომ პირობა დადო: შეექმნა პირუთვნელად დემოკრატიული სახელმწიფო, გაეძლიერებინა სამართლის უზენაესობა; განეხორციელებინა სასამართლო რეფორმა; ებრძოლა კორუფციის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ; უზრუნველეყო გამოხატვის და მედიის თავისუფლება; დაეცვა უმცირესობები და გაეძლიერებინა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმები.

საქართველოს წინსვლა აქვს ყველა ამ მიმართულებებით ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.  მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ასამბლეას, მინისტრთა კომიტეტს, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესს, ვენეციის კომისიას, ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს და ადამიანის უფლებების მონიტორინგის სხვა ორგანოებს. როგორც უკვე ვთქვი, ბევრი  რამ შევძელით ერთად.

ნება მიბოძეთ, მთავარ და თქვენი ყურადღების ღირს მიღწევებზე ვისაუბრო.

ბევრი წლის შემდეგ, საქართველომ საბოლოოდ მოახერხა კონტროლისა და ბალანსის სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბება და ამდენად, დემოკრატიული წინსვლა შეუქცევადი გახდა.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის და ყველა სხვა შედეგის განხილვისას, რამაც განაპირობა ჩვენი დემოკრატიის შენება, ყველაზე კარგად საკითხის წარმოჩენა შემიძლია ყველაზე ავტორიტეტული მსაჯულის  - ვენეციის კომისიის - მოსაზრების ციტირებით:"საკონსტიტუციო რეფორმის პროცესით სრულდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუცია საპარლამენტო სისტემად ჩამოყალიბებისკენ და ეს დადებითი ნაბიჯია ქვეყნების საკონსტიტუციო წესწყობილების კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ, რაც დემოკრატიის პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვას ეფუძნება".

ჩვენი მთავრობა პირველია მსოფლიოში, რომელმაც ერთპარტიულ დომინანტობაზე უარი განაცხადა. კონსტიტუციის ახალი რედაქცია გულისხმობს 2024 წლიდან სრულად და სუფთად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მანამდე საქართველო მნიშვნელოვან გარდაქმნის პროცესს გადის. ყოველივე ეს უკეთეს პოლიტიკურ ბალანსს შექმნის, მცირე პარტიებს პარლამენტში მოხვედრის უკეთეს შანსებს მისცემს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით, მთავრობას მეტი კონსენსუსი დასჭირდება პოლიტიკის შემუშავებისას. ეს ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია და ამ კურსიდან არასოდეს გადავუხვევთ.

ვამაყობთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ავირჩიეთ ქალი პრეზიდენტი. ეს არის უდიდესი მიღწევა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ჩვენი ქვეყნის  ისტორიაში ახალი თავი იწერება. ახლა საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია, სადაც მე - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - ანგარიშვალდებული ვარ პარლამენტისა და მისი წევრების - ხალხის რჩეულთა წინაშე.

შედეგად, ბოლოდროინდელი რეფორმების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი გახდა იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ძლიერი პარლამენტი კი ნიშნავს ძლიერ საპარლამენტო ზედამხედველობას. ამიტომ, გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულება. გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია  ყველა მოქალაქის ინფორმირება ჩვენი  ინიციატივებისა და რეფორმების შესახებ. განზრახული გვაქვს, მეტად განვავითაროთ ეს მიმართულება და მეტი ანგარიშვალდებულება ვიკისროთ.

სულ რაღაც 7 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა სამართლის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მუშაობის სფეროში. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, რაც ყველაზე კარგად აქ - სტრასბურგში - იზომება და ფასდება. ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო არის იმ ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესებების საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ადამიანის უფლებების სფეროში გვაქვს. მეტმა ადამიანმა დაიწყო სამართლის ძიება და მიღწევა ეროვნულ დონეზე, თან ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქმის გასაჩივრების აუცილებლობის გარეშე. ეს დასტურდება საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელების მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობით. ასე მაგალითად, 2011 წელს ევროპის სასამართლოს 395-მა პირმა მიმართა, ხოლო 2018 წელს მხოლოდ ამის მეოთხედმა.

აღსრულების კუთხით, მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია ჯამში გაიცა საქართველოდან შესულ 76 საქმეზე. მათი 80 პროცენტი 2013 წლამდე დასრულდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობა  ქმედითად აღასრულებს ევროპის სასამართლოს განჩინებებს.

2013 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი საერთო სასამართლოებიდან მიმართვიანობა 5-ზე მეტად გაიზარდა. ადრე რეალურად 0 იყო. გავიმეორებ - 0! ადმინისტრაციული სამართლის დარღვევებზე პატიმრობის მაჩვენებელმა 68 პროცენტით იკლო.

ამასთანავე, ბოლო წლებში სასამართლო დარბაზები გაიხსნა მედიისთვის და სრული გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი სასამართლოს მუშაობის პროცესში.

საქართველოს უდიდესი წინსვლა აქვს კორუფციასთან ბრძოლის საქმეში და მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია. 90-იან წლებში საქართველო ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა შორის მოიაზრებოდა. დღეს კი ვამაყობთ, რომ ჩვენთან კორუფციის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებია. „ღია ბიუჯეტის ინდექსით" საქართველო მე-5 ადგილზეა - შვეიცარიისა და ნორვეგიის შემდეგ. საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობის" ამაყი წევრი და ყოფილი თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს არის უმთავრესი საერთაშორისო პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურ გახსნილობას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას.

ჩვენს მთავრობას მემკვიდრეობად ერგო რეპრესიული პენიტენციური მანქანის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემატური პრაქტიკა. პენიტენციური სისტემა არ მუშაობდა ჯეროვნად და გადამწყვეტ ზომებს საჭიროებდა. განხორციელებული რეფორმებით პენიტენციურ დაწესებულებებში კარდინალურად შეიცვალა მდგომარეობა. ფაქტობრივად, 2018 წელს საქართველოს პენიტენციური სისტემა მართებულად იმსახურებს გაერთიანებული ერებისა და ევროკავშირის „ადამიანის უფლებების წარმატებული შემთხვევების" კონტექსტში ხსენებას.

საქართველომ ასევე შეცვალა დამოკიდებულება პოლიტიკური თავისუფლების, გამოხატვისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებების მიმართ. ეს უფლებები წინათ ირღვეოდა, ახლა კი მათი პატივისცემა სრულად უზრუნველყოფილია. საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია და ინტერნეტი აქვს. გამოხატვის თავისუფლებას ჩვენთან სრულად სცემენ პატივს.

მშვიდობიანი პროტესტის სასტიკი დაშლის სავალალო პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა და ახლანდელი მთავრობა სრულად სცემს პატივს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას.

სასამართლო სისტემა უფრო მეტად რეაგირებს სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე და დისკრიმინაციაზე; დამცავი მექანიზმები გაძლიერებულია.

აქ ხაზი მინდა გავუსვა 2017 წლის აპრილში საქართველოს მიერ ევროსაბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენციის) რატიფიკაციას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და დაგმობის შესახებ. და ბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ძლიერი მექანიზმები შეიმუშავა ადამიანის უფლებების სფეროში. პირველად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ სტრატეგიული მიდგომა შეიმუშავა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ. გაძლიერდა სახელმწიფო დამცველის სამსახური და ქმედითი ზედამხედველობის მექანიზმები დაინერგა საპარლამენტო დონეზე.

უდავოდ ბევრს მივაღწიეთ, თუმცა განწყობილნი ვართ კიდევ უფრო მეტი წინსვლისთვის.

ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს, სადაც ადამიანი არის მიზიდულობის ცენტრი, სადაც თანაბარ შესაძლებლობებს ვანიჭებთ ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა და  მდგომარეობისა, სადაც ყველა მოქალაქის ხმა ისმის და მთავრობა ხალხის მისწრაფებებს გრძნობს.

ხშირად ვამბობ, რომ ორი ძირითადი გამოწვევა გვაქვს საქართველოში: ოკუპაცია და სიღარიბე. ეს გახდა ჩემი სახელმძღვანელო პრინციპი და საფუძველი საქართველოში მთავრობის მიერ განხორციელებული ყველა რეფორმისა და ინიციატივისთვის.

მათ შორის ერთ-ერთი რეფორმა ნამდვილად რევოლუციური ან კარდინალურია. ეს არის განათლების სისტემის რეფორმა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში განათლება რეალურ სისუსტეს წარმოადგენდა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩამორჩებოდა თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს.

განათლების სექტორის რეფორმისთვის ვაპირებთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მეტი წილის გამოყოფას. ეს ინიციატივა წელს იწყება და სფეროს დაფინანსება წილობრივად მშპ-ის 6 პროცენტამდე გაიზრდება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს წარმოადგენს. ეს ვალდებულება კანონმდებლობით განისაზღვრება, რათა ყველა შემდგომმა მთავრობამ ინვესტირება მოახდინოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, იმ ხალხის განვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ავითარებს, რომელმაც ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთა და გვაძლიერებს ევროპული მისწრაფებების მიღწევაში.

ადამიანური კაპიტალის განვითარებაა ის გამოსავალი, რაც არსებული გამოწვევების მოგვარებას განაპირობებს. მხოლოდ განათლებული პროფესიონალები შეძლებენ ჩვენი ქვეყნის გაზრდას იმ სიმაღლეებამდე, რაც მომავალი თაობებისთვის გვაქვს დასახული.

ყველა ამ წინსვლის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ისევ ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

 ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია; ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 300 ათას იძულებით გადაადგილებულ პირზე მეტი ვერ ბრუნდება სახლში და ყოველდღე განვიცდით მავთულხლართების, ოკუპირებული ტერიტორიების დეპოპულაციის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ზოგადი მდგომარეობის პრობლემას, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა - ამ ტერმინის ყველა განზომილებით.

ამ რეგიონების გაზრდილი მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მაჩვენებელი. მძიმე ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის რაოდენობა 5-6-ჯერ შემცირდა ოკუპაციის დღიდან.

შედეგად მივიღეთ საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზები. ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, წამებისა და მკვლელობის საფრთხის წინაშე. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - ირაკლი კვარაცხელია - უკანონოდ დააკავეს. ბუნდოვან გარემოებებში მისი გარდაცვალების მიზეზები კვლავ გაურკვეველია. ერთი რამ ნათელია: საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ აგებულ სამხედრო ბაზაზე.

აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ასამბლეას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" მხარდაჭერისთვის. ყველანი უნდა  დავირაზმოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების წინააღმდეგ, რათა არასოდეს შევურიგდეთ სამართლის უზენაესობის მიზანმიმართულ უგულებელყოფას!

რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ჩვენს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს ამ სახის დივერსიებით და  ჩვენი ყველა ძალისხმევა დაბლოკოს. ისინი ცდილობენ, ეთნიკური დისკრიმინაციის გზით  სრულად წაშალონ ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება. ამას არასოდეს დავუშვებთ!

ჩვენმა მთავრობამ ახლახან შეიმუშავა ახალი, სრულყოფილი და ყოვლისმომცველი სამშვიდობო ინიციატივა სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ამ ინიციატივით ვცდილობთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა უზრუნველვყოთ წვდომით ჯანდაცვისა და განათლების გამართულ სერვისებზე, რათა მათ მიკრო და მცირე სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობები  გაუჩნდეთ, ოჯახები გამოკვებონ და მათი ფიზიკური გადარჩენა უზრუნველვყოთ.

რუსეთის ფედერაცია გამუდმებით უგულებელყოფს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და სამხედრო დანაყოფები არ გაჰყავს ჩვენი ტერიტორიებიდან.

ჩვენ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი  გადაჭრის გვწამს. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რომელიც კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. ერთობლივი წარმატება მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც იძულებით გადაადგილებული პირები შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, ხალხთა შორის ხიდები სრულად აღდგება, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უზრუნველყოფილი იქნება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა ვუთხრა ჩვენს ოს და აფხაზ მოქალაქეებს - ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა! ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება - თქვენთან ერთად მოიაზრება - მშვიდობითა და კეთილდღეობით გაერთიანებულ  საქართველოში.

მსურს, ევროსაბჭოს მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე აპელირებისათვის და პოლიტიკურ  დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ საკითხზე მინისტრთა კომიტეტის წლიური გადაწყვეტილებისთვის და გენერალური მდივნის კონსოლიდებული ანგარიშებისთვის. დიდად ვაფასებთ მჭიდრო თანამშრომლობას და კოორდინაციას, განსაკუთრებით რწმენის განმტკიცებისა და კონფლიქტით დაშორებულ თემებს შორის ხიდების აგების მიმართებით, ხალხთაშორისი ურთიერთობის გაძლიერებისთვის იმის გაცხადებით, რომ ერთი ქვეყანა ვართ, ერთი სუვერენული და ევროპული ერი!

მომდევნო წლის გაზაფხულზე საქართველოში „თბილისის მშვიდობის ფორუმს" ვუმასპინძლებთ. ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობაში, ყველა ქვეყანას მივცეთ უზარმაზარი, ჯერ აუთვისებელი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება.

რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევის ან საერთო ღირებულებების დაკნინების შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაძლეული იყოს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით - ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა.

საქართველო, ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და, მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში ნებაყოფლობითი შენატანი 500 000 ევროს ოდენობით.

განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმა ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება და გარკვეულ წევრ სახელმწიფოებს ეხმარება თავად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოების რეკომენდაციების შესრულებაში. მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭომ მუშაობა გააგრძელოს ორივე მიმართულებით. ერთის მხრივ, მონიტორინგის ორგანოების საშუალებით გამოავლინოს წევრი სახელმწიფოების ხარვეზები  და მეორეს მხრივ, გააგრძელოს ამავე წევრი სახელმწიფოების დახმარება გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაში. ამ მხრივ სამოქმედო გეგმები უმნიშვნელოვანესია.

და ბოლოს, ქალბატონებო და ბატონებო, 20 წლის წინ - 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ აქ, ამ შესანიშნავ ქალაქში - სტრასბურგში - ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს - 20 წლის შემდეგ - მსურს, აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!"

იმ ისტორიული დღიდან 20 წელია გასული და სიმბოლურია, რომ წელს ჩვენ ჩავიბარებთ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას; იმ ორგანიზაციის  თავმჯდომარეობას, რომელიც ჩვენი გზის მთავარი მხარდამჭერია და ახლა ჩვენი ჯერია, მივიღოთ ევროსაბჭოს „ჩირაღდანი" და მომდევნო თაობებს გადავცეთ.

დიდი მადლობა!