საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-09

---

მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„დღეს 30 წელი შესრულდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ამ დღემ მართლაც ერთ მუშტად შეკრა მთელი ქართველი ერი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ქართველი ერი 30 წლის წინ გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. სიმბოლურია ისიც, ამ ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური