საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ნატოს გენერალური  მდივნისიენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-25

-----

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ საქართველოში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. პირველ რიგში, მსურს დავიწყო იმით, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. ბატონი გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას ამ პროცესში. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს სწავლებას, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სწავლებაში მონაწილე ყველა ქვეყანას და ვუსურვო წარმატებული და ნაყოფიერი სწავლება.   

ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, რომ გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს გახლავთ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ახალ კონსტიტუციაშიც გავაკეთეთ ჩანაწერი ამ პრიორიტეტის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის შეუქცევადი და მტკიცე. 

შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მიმდინარე პროგრესი. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა რა თქმა უნდა, გულისხმობს ბევრი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმის გატარებას.  აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული  მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება ეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევაში. ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მიმართ. ნატო ყოველთვის ხაზს უსვამს მის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ჩვენ ამავე დროს განვიხილეთ ის საკითხები და გამოწვევები, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, იმ ძალიან მტკივნეულ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ტერიტორიაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო და ამავე დროს განვიხილეთ ის სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მომზადდა.

ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შეხვედრაზე აღინიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ყურადღება გამახვილდა ჩვენი გმირი სამხედროების ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა აგრეთვე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ეს გახლდათ ის გზავნილი, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით და ვსაუბრობდით ჩვენს მეგობრებთან, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატოს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატოსთვის.

ჩვენ ასევე განვიხილეთ ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები შავ ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში და ამავე დროს დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის. ბატონი სტოლტენბგერგი არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მსურს მას პერსონალური მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრობისთვის.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:

პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა და ვიმყოფები საქართველოში. ამჯერად თქვენი მოწვევით ჩამოვედი სწავლების ფარგლებში, მონაწილეობის მისაღებად. ეს არის ერთობლივი სწავლება, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ძლიერია ამ პარტნიორობის ფარგლებში. საქართველოში გენერალური მდივნის რანგში მეორედ ვიმყოფები. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოს საჯარისო დანაყოფების მონაწილეობა ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია. ერთობლივი სწავლება ტარდება შეფასებისა და წვრთნების ერთობლივი ცენტრის ეგიდით და მას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ცენტრის გახსნა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ერთობლივი პროგრამის განხორციელების ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ ის ჩვენს ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საქართველო ნატოს განსაკუთრებული პარტნიორია. გასულ წელს ჩვენ ამას  კვლავ გავუსვით ხაზი. კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს იქნა მიღებული, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. თქვენ ხართ არაწევრი ქვეყანა, თუმცაღა ყველაზე დიდი წვლილი შეგაქვთ ჩვენს საქმიანობაში. თქვენ მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში და ჩვენი რეაგირების ინიციატივებში ძალიან აქტიურად მონაწილეობთ. ეს სწავლება, რომელიც ამ კვირის განმავლობაში მიმდინარეობს, ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სფეროს ზედამხედველობის როლი, ასევე სასამართლოს სისტემის მიმართულებით გაძლიერდა რეფორმების განხორციელება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო ეფექტური დაცვის ინსტიტუციები იარსებებს ქვეყანაში. ასევე მივესალმები იმას, რომ თქვენ აიღეთ ვალდებულება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან  მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი გამოიყოს თავდაცვის მიზნებისთვის. ამ თანხის ოცი პროცენტი გადანაწილდება აპარატურაზე და მოდერნიზაციაზე. ეს გააძლიერებს თქვენს სამხედრო ძალებს და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობას. მე მივესალმები ყველა ამ ინიციატივას და მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენს ალიანსში ძალიან მკვეთრი როლი გქონდეთ და საბოლოო ჯამში, გახდეთ ნატოს წევრი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან.

ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას, ამიტომაც ვაძლიერებთ ურთიერთობებს საქართველოსა და ნატოს შორის. ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება - სამხედრო ძალები საზღვრებზე, საზღვაო აკვატორიაში. ჩვენ ვიმსჯელებთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში. ჩემი ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში აქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები.

მადლობას გიხდით მასპინძლობისათვის. ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო აუცილებლად გახდეს ნატოს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რიცხობრივი თვალსაზრისით და იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში.

კითხვა - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი: ჩვენი შეკითხვა შეეხება ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესში რუსეთის როლს. ჩვენ ვიცით რუსეთის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ არასოდეს დათანხმდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. თავის მხრივ, საქართველო, როგორც აღინიშნა აქაც და საერთაშორისო დონის შეხვედრებზეც, წარმატებით ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებისგან გვესმის შეფასებები, რომ ახლა დროა, საქართველოს მეტად დაუფასდეს ეს მიღწეული პროგრესი, თუმცა, როდესაც ამაზე საუბარი იწყება, კვლავ ჩნდება რუსული ფაქტორი. რა არის გამოსავალი?

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:

ნატოსთვის პრინციპული მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ ყველა ერს გააჩნია თავისი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მას თავად შეუძლია აირჩიოს, რა უსაფრთხოების მექანიზმებში გაწევრიანდეს. არა მარტო ნატო აცხადებს ამას, არამედ, ეს პრინციპი შეთანხმებულია ყველა ერს შორის. რუსეთმაც განაცხადა ამაზე თანხმობა, მან ხელი მოაწერა ჰელსინკის საბოლოო აქტს და ბევრ სხვა დოკუმენტს, სადაც აშკარად და ცხადად არის დადასტურებული, რომ ყველა ერს აქვს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება, სამხედრო ალიანსში გაწევრიანების უფლება და ა.შ. აქედან გამომდინარე, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა მას მომავალში. ჩვენ როდესაც მზად ვიქნებით თქვენს მისაღებად, სხვას არავის ექნება საწინააღმდეგო აზრის უფლება, იმდენად, რამდენადაც, ჩვენ არ ვაძლევთ ძლიერ სახელმწიფოებს მიკერძოებული პოზიციის შესაძლებლობას. საქართველოსთან მსგავსად, ნორვეგიაც არის რუსეთთან სამეზობლოში, მაგრამ რუსეთი ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის მეზობელმა რა უნდა გააკეთოს. ნორვეგია 1949 წელს გახდა ნატოს წევრი, სტალინს არ მოეწონა ეს ფაქტი, მაგრამ ალიანსის წევრი ქვეყნები ამბობდნენ, რომ სტალინის ნებას კი არ მივყვებით, ჩვენ შეთანხმებულად ვმოქმედებთ. აქედან გამომდინარე, როგორც ნორვეგიის შემთხვევაში მოხდა, იგივე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც. ეს თქვენზეა დამოკიდებული, 29 ალიანსის წევრი ქვეყნისა და თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ ალიანსში ვთქვით, ყველა მოკავშირე ქვეყანამ განაცხადა რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და რომელიმე ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის საქართველოს გარეთ, საქართველო გახდება თუ არა ნატოს წევრი. თქვენ უნდა განახორციელოთ რეფორმები, ამაზე ვისაუბრეთ სწორედ ჩვენ, ამაზე ვმუშაობთ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში. აუცილებელია თავდაცვის სისტემების მოდერნიზაცია, სასამართლო სისტემის, უნდა დაკმაყოფილდეს ნატოს სტანდარტები. თქვენ ძალიან დიდი წინსვლა გაქვთ, ჩვენ ამას ვაღიარებთ და მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოსა და ნატოს სასიკეთოდ და ეს იქნება თავსებადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთად ვმუშაობ ავღანეთში, ნატოს სწავლებებში, რაც დღეს იწყება. ეს ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ კეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის წევრები და საქართველო გადაწყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად გაწევრიანებისთვის.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ძლიერი გზავნილები ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან, რომ ნატო აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას. მთავარი გზავნილი არის სწორედ ის, რაც ახლა მოვისმინეთ ბატონი სტოლტენბერგისგან, რომ არავის აქვს უფლება, შეუზღუდოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს თავისი არჩევანი. ქართველი ერის არჩევანი გახლავთ ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია. შესაბამისად, ეს არის საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების საკითხი და არავის აქვს უფლება, რომ ამაში ჩარევას შეეცადოს და ბარიერები შექმნას. ჩვენ ამ ინტეგრაციის გზაზე ვაგრძელებთ ეფექტურად სიარულს. ჩვენ გვესმის, რომ ბუნებრივია, ერთ დღეში ვერ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ძლიერი გზავნილები, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ნატო აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას. მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც უნდა განვახორციელოთ, მოვახდინოთ მისი იმპლემენტაცია, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ნატოს სტანდარტებს და ავიმაღლოთ ჩვენი თავსებადობა ნატოსთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დადგება დღე და საქართველოს პრინციპული გადაწყვეტილება გახდება რეალობა.

კითხვა - ტელეკომპანია რუსთავი-2:

ბატონო გენერალურო მდივანო, შავი ზღვის აუზის რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება ერთ-ერთი პრიორიტეტია ნატოსთვის, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია არის სწორედ ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ბოლო წლებში არის მიზნად დასახული. ასეთ ვითარებაში, რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის ანაკლიის პორტი, რომლის აშენებაც იგეგმება საქართველოში. ბატონო პრემიერო, როგორია სახელმწიფოს პოზიცია ამ პორტის აშენებასთან დაკავშირებით. მეორე კითხვა, რაც მაქვს ბატონო გენერალურო მდივანო, ეს ეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ნატოში გაწევრიანების პროცესი დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილებასაც გულისხმობს. თუ გავითვალისწინებთ ეუთოს და სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო დასკვნებს, საკმაოდ მკაცრი დასკვნა იყო. პირველად გამოჩნდა ისეთი ფრაზები, როგორიც არის „ხმების ყიდვა" და ა.შ. ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, ეს ყველაფერი ხომ არ შეუშლის ხელს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს?

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:

უპირველეს ყოვლისა, მინდა შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩემი პასუხი გაგაცნოთ. ნატოსთვის და საქართველოსთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი კონსტრუქციები ჩალაგდა, ყირიმის ანექსიის, რუსეთის მოკალათების კუთხით შავი ზღვის საზღვარზე. ხომალდები უკრაინის საზღვარზეა განლაგებული. ეს მეტყველებს რუსეთის ინტერესებზე. ნატო რა თქმა უნდა, აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბარი. ნატოს უფრო მეტი საზღვაო ხომალდები აქვს, მეტი სამხედრო თანამშრომელი ყავს, მათ შორის რუმინეთში და სხვა ქვეყნებში და პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან ვმუშაობთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ნატოს ორი ხომალდია შავი ზღვის აკვატორიაში, ერთი დიდი ბრიტანეთიდან, მეორე არის ფრანგული ხომალდი. რამდენიმე დღის წინ ნატოს რამდენიმე ხომალდი მონაწილეობას იღებდა „პოსეიდონის" სახელწოდებით ცნობილ სწავლებაში იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება შავი ზღვის აკვატორიაში განაღმვა განხორციელდეს. მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება თურქეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთზე, რომლებიც შავი ზღვის მოსაზღვრეები არიან. ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი აქცენტები გაზრდილია შავი ზღვის რეგიონში. საქართველოსთან ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომ გამოწვევები, რასაც ვხედავთ, იქნას დაძლეული. თანამშრომლობა გრძელდება საქართველოს საზღვაო ნაწილთან, იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტი შევძლოთ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით.

რაც შეეხება არჩევნების საკითხს, მე გავეცანი ეუთოს ანგარიშს. იქ აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ რეფორმები უნდა იყოს განგრძობითი, უნდა იყოს უწყვეტი, იმისათვის, რომ უმაღლესი სტანდარტი დაკმაყოფილდეს ქვეყანაში. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, კარგია საქართველოსთვის, ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხითაც. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი წინსვლა ამ რეფორმების ფარგლებში და გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები, განსაკუთრებით, არჩევნების კუთხით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

შავი ზღვა არის დღეს ნატოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ამას მივესალმებით. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს აქვს სრულიად უნიკალური და მე ვიტყოდი, შეუცვლელი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში. შესაბამისად, ჩვენ ნატოსთან ერთად დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იყოს მდგრადი და ეს უფრო თვალსაჩინო გახდება მომდევნო წლების განმავლობაში. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გადავაქციოთ რეგიონულ ჰაბად, მათ შორის, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით, რომელიც ყველა განზომილებას მოიცავს. საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება. ჩვენ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ იმაში, რომ  ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. მინდა ასევე გამოვეხმაურო თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს - საქართველო არის ლიდერი დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციას. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული რეკომენდაციები, ეს არის ნორმალური პროცესი. ჩვენი პოლიტიკური გუნდი პარლამენტში ასევე მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით კანონების დახვეწაზე, მათ შორის იმ მიმართულების დახვეწაზე, რომელზეც რეკომენდაციები იქნა გაცემული ეუთოს მიერ. 


კითხვა: რა კეთდება ნატოსა და საქართველოს მიერ რუსეთი ოკუპაციის მიმართულებით და რა წინსვლაა ამ კუთხით.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:

უპირველეს ყოვლისა, ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს მის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან, იმიტომ, რომ ეს ორივე რეგიონი არის საქართველოს ნაწილი, საერთაშორისოდ აღიარებულის საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. ჩვენ პოლიტიკურ დიალოგს ვაწარმოებთ. იოლი არ არის, წინსვლა დიდი არ არის რუსეთთან ამ კუთხით. ეს დიალოგი ჟენევაში მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ ამ მიმართულებით მიღწეულ წინსვლაზე. ნატო მხარს უჭერს მშვიდობიან მოლაპარაკებებს და კონფლიქტის გადაწყვეტას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც არის საქართველოს რეგიონები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე სურათი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის, ჩვენ ვართ ერთგული იმისა, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით. ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ დავიწყოთ იმ სამშვიდობო ინიციატივის რეალიზაცია, რომელიც მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, რომ როგორმე შევაჩეროთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც ორივე რეგიონშია. მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ექვსჯერ შემცირდა ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით. თავად ეს სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს, თუ რა მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთმა უნდა შეასრულოს მის მიერ 2008 წელს ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ ვართ სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რომ ის სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მომზადდა, არის ერთადერთი სწორი პასუხი იმ მტკივნეულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კითხვა - თუ არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო ამ ორი რეგიონების დაბრუნებამდე შეუერთდეს ნატოს?

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:

ნატოს მოკავშირეებმა ცხადად ახსენებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოს ჩვენი სტანდარტების დაკმაყოფილებაში, რეფორმების განხორციელებაში და იმაში, რომ საქართველო მზად იყოს ჩვენი ალიანსის წევრობისთვის. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხზე არ ვისაუბრებ ახლა დეტალურად, თუმცაღა ჩვენ გავაგრძელებთ  საქართველოს დახმარებას ამ მიმართულებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ეს არის გზავნილი, რომელიც ჩვენ შარშანაც მივიღეთ ნატოს სამიტზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნატოს ყველა წევრ ქვეყანას ამ მნიშვნელოვანი გზავნილისთვის. ბუნებრივია, ის, რომ რუსეთი ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, არ უნდა იყოს ბარიერი იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის უსაფრთხოების  ნებისმიერი ტიპის კონცეფციას ჩვენს რეგიონში. მხოლოდ საქართველოსთვის არ გახლავთ ეს გამოწვევა და დიდი ტკივილი. ეს არის გამოწვევა, მათ შორის ევროკავშირისთვის და ნატოს წევრი ყველა ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, რომ მობილიზაცია გავუკეთოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ძალისხმევას და დავიწყოთ რეალური სამშვიდობო პროცესი და რეალური სამშვიდობო ინიციატივების იმპლემენტაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვართ სამშვიდობო პოლიტიკისა და იმ იდეის სრულად ერთგული, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის მობილიზაციით შევძლებთ ამ მძიმე გამოწვევის დაძლევას. კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევაჩეროთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, მათ შორის სიცოცხლის უფლების. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მივცეთ წვდომა ნორმალურ ჯანდაცვაზე, განათლებაზე. ჩვენ ვართ სრულიად ფოკუსირებული სამშვიდობო პროცესზე.