პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-22

----

დღეს პირველად ვხვდებით ინტერპელაციის ფორმატში, რაც სრულიად ახალი  პლატფორმაა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობაში. დიახ, ამ ფორმატის შემოღება ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი, მეტიც, ჩვენ ეს კონსტიტუციურ ნორმად ვაქციეთ. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ეს არის  პატივისცემის გამოხატულება ჩვენი საზოგადოების მიმართ, დიახ,  ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, წარვდგეთ საქართველოს პარლამენტის წინაშე და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი.
პარლამენტსა და მთავრობას შორის ასეთი თანამშრომლობა ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრესია. მთელი ჩვენი გუნდი, მთავრობის ყველა წევრი პასუხობს პარლამენტის მიერ დასმულ შეკითხვებს და ვფიქრობ, ბოლო სამი დღე არის ამის ძალიან კარგი მაგალითი.
რაც შეეხება უშუალოდ საკითხს - პირველ რიგში, ვიდრე შევაფასებთ და დასკვნებს გამოვიტანთ, ჯერ ალბათ საკითხის არსში უნდა გავერკვეთ. იმისათვის, რომ მე გავცე თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი, ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რეალურად გაუარესდა თუ არა კრიმინოგენური ვითარება საქართველოში და მართლა გაიზარდა თუ არა კრიმინალი. ასევე რა თქმა უნდა, უნდა დავაზუსტოთ ინტერპელაციაში მონაწილე მხარეების პოლიტიკური ინტერესები.
თქვენი კითხვის ფორმულირებაში დევს უკვე მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ჩემი მოსაზრებით, კიდევ ერთხელ ადგილი აქვს მცდელობას საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა და განცდა, რომ თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ, ყველაფერი არის ძალიან ცუდად.  

გასაგებია, რომ არსებობს ჩვენ შორის ღირებულებითი განსხვავებები, ეს ლოგიკურიც არის სხვაგვარად ვერც იქნება. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხში ვერასდროს ვერ შევთანხმდებით. მე ამავე დროს კარგად მესმის და ვაფასებ ოპოზიციის მნიშვნელობას და როლს. ამიტომ მზად ვარ, მოვისმინო ობიექტური შენიშვნები თუ წინადადებები, მწვავე კრიტიკა, იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაკარნახევია საქმისადმი გულშემატკივრობით და ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით.
ჩვენთვის მთავარია სიმართლე და პასუხისმგებლობა, ხარისხიანი კონტროლი და ანგარიშვალდებულება. როგორ არა სასიამოვნოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის, დღეს თქვენ მოგიწევთ სიმართლის მოსმენა.  
დასაწყისშივე რომ ვთქვა პირდაპირ ვიტყვი - თქვენი მტკიცება, რომ  ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით,  არ შეესაბამება სიმართლეს.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ დავიწყეთ ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა თანმიმდევრულად, მათ შორის, ყველა იმ უწყებაში, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციაზე, გამოძიებაზე, მასზე ზედამხედველობასა და სასჯელის აღსრულებაზე. მათ შორის, ზოგადად,შეიცვალა მიდგომა სტატისტიკის აღრიცხვის მიმართ და მიდგომა, გახდა უფრო კონკრეტული, ზუსტი და გამჭირვალე. 2018 წლიდან შეიცვალა დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგია და დაინერგა ახალი მიდგომა. ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რომ მთავრობამ და საზოგადოებამ ზოგადად, გააკონტროლოს და მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხოს ნებისმიერი ფაქტი,   მიუხედავად იმისა, არის თუ არა სახეზე მკვეთრად გამოხატული დანაშაულის ყველა ნიშანი, ასევე შესაძლო დანაშაულის ბუნება, სიმძიმე და გახსნის ალბათობა.  
სიმართლე არის ის, რომ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში,  სამართალდამცავი სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო და მუდამ იქნება ღიაობა და გამჭვირვალობა. ანუ, ძირეულად შეიცვალა მიდგომა დანაშაულის აღრიცხვისადმი და ის უფრო დაუახლოვდა და გაუტოლდა საერთაშორისო სტანდარტებს.
სიმართლე არის ის, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დიახ, დანაშაულის ზრდა 54პროცენტით დაფიქსირდა, მაგრამ ეს ზრდა  მნიშვნელოვან წილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტით. ქვეყანაში რეალური კრიმინოგენური მდგომარეობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულის ტიპისა და ბუნების, პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებლისა და ბევრი სხვა ფაქტორების გათვალისწინება.  

სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის ტიპოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მაჩვენებლები ან უცვლელია, ან შემცირებული, ხოლო მატება ძირითადად სწორედ ისეთ დანაშაულებზე მოდის, რომელთა კუთხით ან მიმართვიანობა გაიზარდა მკვეთრად, ან აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა.წარმოგიდგენთ მონაცემებს: კერძოდ, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, არ შეცვლილა მკვლელობების მაჩვენებელი, შემცირდა ყაჩაღობა და განსაკუთრებით შემცირდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება - თითქმის 18%-ით.
სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ გაზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, მუქარა და სხვა დანაშაული.
ამავე დროს, ზრდა ძირითადად მოდის საკუთრებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ ქურდობასა და ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებებზე. ანუ სწორედ იმ კატეგორიის დანაშაულზე, რომლებზეც პირდაპირ ახდენს გავლენას აღრიცხვიანობის გაუმჯობესება.
მინდა მივმართო საზოგადოებას და ვუთხრა, რომ საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ იმისათვის, რომ ჩვენ,  ყველამ ერთად, ვიცხოვროთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, ხოლო დანაშაულის ჩამდენმა კანონით დადგენილი წესით ადეკვატური პასუხი მიიღოს.
მინდა შეგახსენოთ და დარწმუნებული ვარ, ყველას კარგად  გახსოვთ, რომ წარსულში პოლიციის მიერ ნაკლებად ხდებოდა ისეთი დანაშაულების აღრიცხვა, რომელთა გახსნის პერსპექტივაც იყო დაბალი და ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეების განცხადებებიც კი არ რეგისტრირდებოდა.
 ეს იყო მავნე პრაქტიკა, ეს იყო თავის მოტყუება, ეს იყო საზოგადოების მოტყუება და ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. თუ დააკვირდებით დანაშაულის ტიპოლოგიურ სტრუქტურას, კარგად ჩანს, რომ, მაგალითად, 2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 62 პროცენტი მოდის სწორედ იმ დანაშაულებზე, რომელთა რეგისტრაციაც ადრე ნაკლებად ხდებოდა და დღეს სრულფასოვნად რეგისტრირდება.

ლოგიკურია, რომ ამიტომაც გაიზარდა მუქარის, ნივთის დაზიანების თვითმკვლელობამდე მიყვანის  მაჩვენებლები, მაგალითად, ადევნების მაჩვენებლები გაზრდილია რამდენჯერმე, რომელიც ადრე საერთოდ არ რეგისტრირდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, თითოეულმა თქვენგანმა ეს ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ მე მაინც კიდევ ერთხელ განვმარტე, რათა საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური რეალობა. 
ახლა კი ვისარგებლებ ჩემი დროით და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს დავამატებ. რა თქმა უნდა, არავინ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ყველაფერი კარგად არის და პრობლემები არ არსებობს. სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოების ნაწილი კვლავ ლოიალურად არის განწყობილი კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ და დიახ, ეს არის სერიოზული პრობლემა. თუმცა, მეორე მხრივ, თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანა წინა ხელისუფლების ეგრეთ წოდებულმა „ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკამ - „ყველანი ციხეში".  სხვათა შორის, ეს სიტყვები ამავე დარბაზში გაჟღერდა და ბევრმა თქვენგანმა ოვაციაც კი გამოხატა ამ სიტყვების მიმართ.
კრიმინალს ჩვენ ვუპირისპირებთ კანონით დადგენილ პოლიტიკას, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების ხარჯზე და ის არასოდეს მოხდება საქართველოში - მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფის ხარჯზე, პატივისა და ღირსების შელახვის ხარჯზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია, არსებული მდგომარეობის რეალურად შეცვლა და გამოსწორება, სადაც აუცილებელია - მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, სადაც საჭიროა -  გატარდება რეფორმები, რომლებიც სამართალდამცავთა საქმიანობას გახდის უფრო ეფექტურს და ხარისხიანს.  
ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს ისეთ ძირეულ რეფორმებს, და გააგრძელებს ამის კეთებას.  

ასევე,  რეფორმის ფარგლებში, ინერგება პრევენციული მექანიზმები ყველა სამართალდამცავ სტრუქტურაში.
აღსანიშნავია ასევე  გამოძიების ხარისხის მონიტორინგი. ამ მიზნით, 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი.
შესაბამისად, ყველა ეს ღონისძიება და რეფორმა, რომელიც დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს, აუცილებლად მიგვიყვანს უფრო ეფექტიან და ხარისხიან საპოლიციო საქმიანობამდე, რაც ბუნებრივია, საქართველოში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
და ბოლოს,   
ჩვენ ვაგრძელებთ დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის სტუმრის უსაფრთხოება.
ჩვენ არასდროს დავბრუნდებით წარსულში, ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესული და შეუქცევადი რეფორმების გატარებას, რადგან მხოლოდ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით, ობიექტური სტატისტიკის წარმოებით,  რეალური სურათის დადებით ჩვენ შევძლებთ, გავუმკლავდეთ ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ ამოცანებსა და გამოწვევებს. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური