საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, რომ ბელარუსთან სავაჭრო მოცულობა მინიმუმ გავაორმაგოთ ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-20

  ..

ძალიან მიხარია, რომ დღეს ბელარუსულ მხარესთან ხელი მოეწერება მნიშვნელოვან სავაჭრო კონტრაქტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება, - ამისშესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბელარუსული პროდუქციის გამოფენაზე - Made in Belarus სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა გამოფენა ოფიციალურად, ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მიხეილ რუსისთან ერთად გახსნა. გამოფენასთან ერთად თბილისი საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმსაც მასპინძლობს, რომელშიც 150-მდე ბელარუსული კომპანია მონაწილეობს. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ მსგავსმა ექსპოზიციებმა და ბიზნესფორუმებმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა. 

"დღევანდელი გამოფენის და ბიზნესფორუმის შედეგად კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მივიღებთ ბელარუსიდან და რაც მთავარია, ვუმასპინძლებთ მეტ ტურისტს ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან.დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც შემდგომ წლებში იქნება საქართველოსა და ბელარუსს შორის, ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის როგორც ბელარუსში, ასევე საქართველოში", - განაცხადამამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული გამოფენა კარგი შესაძლებლობაა არა მხოლოდ ქართული კომპანიებისთვის ბელარუსულ საწარმოებთან საქმიანი კავშირის დასამყარებლად, არამედ ქართველი მომხმარებლებისთვის, რათა მათ უკეთ გაიცნონ ბელარუსული პროდუქცია.

"ძალიან მიხარია, რომ ეს გამოფენა კარგ ტრადიციად იქცა ჩვენს ქალაქში. ჩვენ და ბელარუსებს განსაკუთრებით მეგობრული და თბილი ურთიერთობები გვაკავშირებს და ჩვენ ამით ვამაყობთ. დღეს საქართველოში გვეწვია 150 კომპანია ბელარუსიდან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს დიდი პოტენციალი აქვს. მიხარია, რომ სავაჭრო ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის იზრდება. ჩვენ დღეს იმაზეც შევთანხმდით, რომ ეს არ არის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. გვაქვს ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ სავაჭრო მოცულობა ორ ქვეყანას შორის მინიმუმ გავაორმაგოთ", -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბელარუსული პროდუქციის გამოფენაში - Made in Belarus, რომელიც საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" იმართება, 75-მდე ბელარუსული კომპანია და საწარმო მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ბელარუსული სოფლის მეურნეობის ტექნიკა, ელექტროავტობუსები, ასევე ბელარუსული სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციები, ფარმაცევტული და საკვები პროდუქტები და ა.შ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური