საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, საქართველო ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც იყოს რეგიონული ლიდერი ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-18

  ..

ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, საქართველო რეგიონში ეკონომიკურ ცენტრად იქცეს და ამ სტრატეგიის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც იყოს რეგიონული ლიდერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის" ახალი კორპუსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მსგავს პროექტებში კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განხორციელება და სახელმწიფოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

„დღეს „ნიუ ჰოსპიტალსს" შეემატა ახალი კორპუსი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის ახალი მიმართულებები. უკვე წლებია, კლინიკა ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მისასალმებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის უკეთესი სერვისების მიწოდებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯანდაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, სისტემის განვითარებისთვის ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.
„2019 წელს ჩვენ ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდა შევძელით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ გამოწვევები კიდევ რჩება. არის ხარვეზები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების გეოგრაფიულად უფრო კომფორტულ მიწოდებას, ჩვენი პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტებით მომარაგების საკითხს და ყველას ვპირდებით, ამ ხარვეზებსაც აუცილებლად გამოვასწორებთ, " - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის" ახალი კორპუსის გახსნას პრემიერ-მინისრტი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ახლად გახსნილი კორპუსი დაათვალიერა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელობისგან მიიღო. კლინიკის ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული. ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში" ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნაც იგეგმება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური