საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ NEXI-თან გაფორმებული შეთანხმება საქართველოში იაპონურ ინვესტიციებს წაახალისებს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-15

  ..

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე დღეს გაფორმებული შეთანხმება კიდევ უფრო წაახალისებს იაპონურ ინვესტიციებს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტ მასაფუმი ნაკადას შეხვედრაზე აღინიშნა.

პრემიერი მიესალმა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას და განაცხადა, რომ ის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

NEXI-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში იაპონური კომპანიების საქმიანობის დაწყებასა და გაფართოებაში.

ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ შეთანხმება, რომელსაც საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის ფარგლებში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და NEXI-ის პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად  საქართველოში, რისთვისაც იაპონელ ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტები.

მემორანდუმის პრიორიტეტული სფეროებია მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება, მეწარმეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტელეკომუნიკაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, ვაჭრობა და ექსპორტის ხელშეწყობა, სახელმწიფო ქონების მართვა, სამშენებლო პოლიტიკა, ინვესტიციები, ა.შ.

NEXI-ი იაპონიის სახელმწიფო საექსპორტო საკრედიტო სააგენტოა, რომელიც სადაზღვევო პროდუქტებით უზრუნველყოფს იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს. NEXI-ის მისიაა, ხელი შეუწყოს იაპონიის საქონლისა და მომსახურების ექსპორტს, იაპონიის კომპანიების მიერ საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოებას და სხვა ქვეყნებიდან ბუნებრივი რესურსების სტაბილური მარაგების მოწოდებას ისეთი სადაზღვევო პროდუქტების მეშვეობით, როგორებიცაა საექსპორტო კრედიტის, ინვესტიციებისა და სესხის დაზღვევა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური