საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი და კარგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-08

ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი და ძალიან კარგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი, რომელმაც აჩვენა თავის საქმიანობაში, რომ ის ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი ეთიკური ნორმებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ბანკის მიმართ სრულიად უსაფუძვლო და პოპულისტური განცხადებები გაკეთდა.

„ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი და  პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება - ეს გახლავთ შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან. ეს გახლავთ სწორედ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი წარმატება და ამდენი წლის შემდეგ მოხერხდა საქართველოსთვის საინვესტიციო რეიტინგის ზრდა. ეს გახლავთ ფაქტობრივი გარემოება, დანარჩენი ყველაფერი სამწუხაროდ, პოლიტიკური სპეკულაციაა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მარეგულირებლის გამართული მუშაობა  ყველასთვის თვალსაჩინოა.

„მსურს, რიგითი მოქალაქის პოზიციიდან მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს ძალიან მაღალი პროფესიული საქმიანობისთვის. ბანკმა თავისი ზედამხედველობის ნაწილში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის გამყარებული ძლიერი არგუმენტებით. ასევე მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და გამოვხატო ჩემი დადებითი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულმა ბანკმა და "თი-ბი-სი" ბანკმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი. "თი-ბი-სი" ბანკი გახლავთ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი საფინანსო სექტორისთვის, არამედ, ეროვნული ეკონომიკისთვის და შესაბამისად, ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ სხვადასხვა სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, ეს საკითხი დააბრუნონ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ საინფორმაციო ველში. ეს არის ინფორმაციის საზოგადოებამდე დამახინჯებული გზით მიტანის მცდელობა. ხდება არასწორი აქცენტების დასმა და უფრო მეტიც, მცდელობა, რომ ანაკლიის პორტის პროექტიც კი მიაბან ამ საკითხს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური