პრემიერ-მინისტრმა EIB-ს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-19

..

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფისა და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით პარტნიორობაზე და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში EIB-ის დაფინანსებით განხორციელდა. მათ შორის საუბარი შეეხო ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტ Innovfin-ს, რომელიც ინოვაციური პროექტების დაფინანსებას ემსახურება და აღინიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ინოვაციური პროექტების განვითარებას. 

პრემიერმა ასევე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს საგზაო დერეფნის განვითარების მიმართულებით ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ ინვესტიციებს და ბანკის ფინანსურ წვლილს სატრანსპორტო კომუნიკაციის, საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

EIB-ის მიერ დღემდე საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო კერძო სექტორში ბანკს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური