საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მიუნხენში სერ ალან დანკანს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-15

დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოზიტიურ დინამიკაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა ხანმოკლე შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც სერ ალან დანკანმა დადებითად შეაფასა, ასევე - რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

ხაზი გაესვა "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებზე მეტყველებს.

აღინიშნა ამ ფორმატის ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის როლი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების პროცესში.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური