საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

საქართველოს მასშტაბით 28 ახალი სკოლის მშენებლობა და 83-ის რეაბილიტაცია განხორციელდება ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-13

საქართველოში 28 ახალი სკოლა აშენდება, დამატებით 83 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროექტი ჯამურად 50 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკანდინავიური, - გარემოს საფინანსო კორპორაციის მიერ გამოყოფილი სესხისა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის საფუძველზე განახორციელებს.

„განათლება ჩემი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ამ თვალსაზრისით. მოხდა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების სრული შესწავლა და, შესაბამისად, პრიორიტეტების განსაზღვრა. ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებთან, რათა მეტი რესურსი მოვიპოვოთ ამ პრობლემების დასაძლევად", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონების სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, გაორმაგდა მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერის თანხა.

„57 მუნიციპალიტეტის სკოლებში ეტაპობრივად ჩატარდება 40 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ მოხდა ამ სამუშაოების დაგეგმვის და განხორციელების უფლების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს პოლიტიკასა ამ თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ სწორედ ადგილებზე უკეთ იციან თავიანთი სკოლების საჭიროებები და, შესაბამისად, პრობლემების გადაჭრა მოხდება უფრო ოპერატიულად. ამასთან ერთად, სიმბოლურია, რომ წელს შესრულდა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველად ჩატარებიდან 100 წელი. ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თვითმმართველობების გაძლიერებისთვის და მსგავსი უფლებების დელეგირება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის ძალიან კარგი ნაბიჯია, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური