საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული თაობები მოიტანენ პროგრესს და განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-06

რამდენიმე თვის წინ იყალთოს აკადემიაში ჩვენ დავაანონსეთ განათლების სისტემის სრულმასშტაბიანი რეფორმა და განათლება  ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ.

ყველა ვთანხმდებით რომ განათლება და მეცნიერება ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია. დღეს, როდესაც საქართველო მიისწრაფვის ევროპულ ოჯახში ადგილის  დასაბრუნებლად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება განათლების მნიშვნელობა და ქვეყანაში განათლების მაღალი, ევროპული სტანდარტის დამკვიდრება. 

საქართველოს წინაშე დგას ძალიან ბევრი გამოწვევა. ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარი სახლკარიდან დევნილი მოსახლეობა, სიღარიბე, ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, მასშტაბური ინვესტიციების აუცილებლობა სხვადასხვა სექტორში. ჩემი შეფასებით და ჩემი ღრმა რწმენით, საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევებზე არის ძლიერი განათლების სისტემის შექმნა და გაზრდილი ადამიანური კაპიტალი. ადამიანური კაპიტალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო განვავითაროთ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით.

მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული თაობები მოიტანენ პროგრესს და განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის.

ჯერ კიდევ ჩემი ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში არაერთხელ განმიცხადებია, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში. ეს არის სწორედ ჩემი მთავრობის პრიორიტეტი. ჩვენ, როგორც მინიმუმ, განათლების სექტორის  10-12 პროცენტიან წილს უნდა მივაღწიოთ ჩვენს მთლიან ეკონომიკაში. ჩვენ განათლების რეფორმა რამდენიმე ფაზად დავყავით და საბოლოო ჯამში, როდესაც ყველა ფაზის დანერგვას დავასრულებთ, ეს სწორედ ასე იქნება - განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში, რომელსაც ექნება არანაკლებ 10-12 პროცენტიანი წილი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში.

ამ რეფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ ცვლილებას და სიახლეს, ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც   - რაც შეიძლება გამართული და საუკეთესო განათლების სისტემა გვქონდეს ქვეყანაში. ჩვენ აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისათვის.

ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართულია, საზოგადოებრივი დაკვეთის შესრულებისა და შედეგების, რაც შეიძლება, სწრაფად მიღწევისაკენ.

დღეს საზოგადოების წინაშე გამოგვაქვს განათლების რეფორმა, რომელიც, სრულად მორგებულია ჩვენს რეალობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს განათლების სისტემაში. რეფორმა მოიცავს ხუთივე საფეხურს, ესენია: ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

არაერთი მიმართულებით უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები და საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან პროცესებს. თუმცა, გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემები განათლების სისტემასა და მეცნიერებაში ჯერაც ძალიან ბევრია და შეუძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა რადიკალური ცვლილებების გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განათლების სექტორში შეიქმნა დეფიციტი, რომელიც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. ყველაზე მძიმე გამოწვევა გახლავთ ის, რომ ეკონომიკური განვითარება და განათლება და მეცნიერება ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ეკონომიკური პოტენციალისთვის. ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში სწორედ ეს ორი მიმართულება იქნება განმსაზღვრელი. ამ ორმა მიმართულებამ ერთად უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის დაჩქარებული განვითარება, ეკონომიკური განვითარება და რეფორმა განათლების სექტორში - შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთიანი სტრატეგია, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან.

ჩვენთვის პრიორიტეტი ახალ რეფორმაში იქნება მასწავლებლის ადგილი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი. ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას; უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო;  განხორციელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს გავზარდეთ ბიუჯეტი 2,5-ჯერ ამ მიმართულებით. მე ნამდვილად არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის.   განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებს, სადაც მეტად იგრძნობა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე  ადამიანური რესურსებისა და სხვა თვალსაზრისით.

განათლება და მეცნიერება კომპლექსური სისტემაა და ბევრი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება, რომელიც  ფუნდამენტურ და მასშტაბურ მიდგომას მოითხოვს. ამიტომაც რეფორმის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები, განათლების სფეროს სპეციალისტები. ამ პროცესში ასევე ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, USAID-ი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, აზიის განვითარების ბანკი და თითქმის ყველა  დონორი, თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც უდიდესი შრომა გასწია და ასეთი მასშტაბური რეფორმა წარმოგვიდგინა.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ჩვენი მიზანია ქართული უმაღლესი სკოლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია,  და ამისთვის რეფორმაში გათვალისწინებულია განათლების ხარისხის ზრდა. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს განვითარების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ცენტრად საერთაშორისო ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის, ტრანსპორტისთვის და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - განათლებისთვის. ჩვენ გვაქვს ამისი ისტორიული ფესვები და უმაღლესი განათლების რეფორმის ის კომპონენტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი, ჩვენ დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი სტუდენტი მოვიზიდოთ საზღვარგარეთიდან ჩვენს უნივერსიტეტებში.

პროფესიული განათლება  და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შემოგვაქვს სისტემა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში, ახალი პროფესიის შეძენაში, თვითრეალიზაციასა და განვითარებაში.

ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებშიც გვაქვს დიდი დეფიციტი და ამავე დროს, იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებიც უახლოეს მომავალში დასჭირდება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას.

მეცნიერებაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სათანადო ადგილი ეთმობა რეფორმაში. რეფორმა ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას და მეცნიერების დაფინანსების ზრდას. მნიშვნელოვნად წავახალისებთ ახალგაზრდა მეცნიერებს.

წარმოდგენილი რეფორმა ითვალისწინებს თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი და ამავე დროს გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალების ჩამოყალიბებას. თანამედროვე ეპოქა, ახალი ტექნოლოგიები და სწრაფად ცვალებადი სამყარო ადამიანებისგან მოითხოვს ახალ, კომპლექსურ უნარ-ჩვევებს, პრაქტიკულ აზროვნებას, ინფორმაციის გადამუშავების, აგრეთვე პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარს და ლოგიკურ აზროვნებას. სწორედ ასეთი მიდგომით არის შემუშავებული და ამ მიზნების მიღწევას ემსახურება რეფორმა, რომელსაც დღეს წარვუდგენთ საზოგადოებას. განათლების რეფორმის მეთოდოლოგიური და ახლებური მიდგომები  ითვალისწინებს სისტემას, რომლის ცენტრშიც იქნება თითოეული ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა თუ მასწავლებელი.

უფრო დაწვრილებით რეფორმის ყველა დეტალზე მოგახსენებთ განათლების მინისტრი.

დარწმუნებული ვარ, ამ რეფორმის გატარებით ჩვენ გარღვევას მოვახდენთ განათლებაში და ქვეყანას გადავიყვანთ განვითარების ახალ ეტაპზე, ჩვენ გვეყოლება თანამედროვე ცოდნის მქონე, კონკურენტუნარიანი თაობები, რომლებიც თავის სიტყვას იტყვიან საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის საქმეში. სწორედ ასე დავძლევთ სიღარიბეს, მივაღწევთ კეთილდღეობას და ჩავდგებით თანამედროვე, განვითარებული ქვეყნების რიგებში და შევქმნით ერთიან, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური