საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

დღგ-ს დაბრუნება 2019 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდიდან ავტომატური გახდება ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-01

დღგ-ს დაბრუნება 2019 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდიდან ავტომატური გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმის დასტური, რომ ბიზნესი სახელმწიფოს სრულად ენდობა, ხოლო კერძო სექტორს საბრუნავ კაპიტალთან წვდომა კიდევ უფრო გაეზრდება.

„შარშან ჩვენს მეწარმეებს 527 მილიონი ლარი დაუბრუნდათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დღგ-ს დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე იყო სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის საკითხში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარშან ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. ეს პროცესი სრულად ავტომატური გახდება. საბრუნავი კაპიტალი და მისი დაფინანსება ერთ-ერთი სუსტი მხარეა ჩვენი ეკონომიკის და ჩვენ, როგორც შარშან, წელსაც ორიენტირებულები ვიქნებით იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის დღგ დაიბრუნონ ჩვენმა მეწარმეებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური