საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - 2019 წლის ბიუჯეტის აქცენტები, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, სრულად პასუხობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ქართულ ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებს  ამოსაბეჭდი ვერსია

2019-01-31

 

-—-

აქცენტები, რომელიც ჩავდეთ 2019 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, სრულად პასუხობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ქართულ ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის 2019 წლის პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველა რეგიონი თანაბრად ვითარდებოდეს და სერვისებზე წვდომა იყოს იმ ხარისხის, როგორც დიდ ქალაქებში.

„ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის რეგიონული განვითარება ყოველთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი იყო და ეს ყველაზე კარგად აისახება ბიუჯეტის პარამეტრებში. 2012 წელთან შედარებით, ჩვენ, ფაქტობრივად, გავასამმაგეთ ბიუჯეტი ამ მიმართულებით, ხოლო შარშანდელთან შედარებით 20 პროცენტით გავზარდეთ 2019 წლის ბიუჯეტი ჩვენი რეგიონებისთვის, მათი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და 2019 წელს ის  დაახლოებით 2 მილიარდ ლარს შეადგენს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია ქვეყნის რეგიონულ ინფრასტრუქტურაში ნიშნავს ახალ სიცოცხლეს რეგიონებისთვის და დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა გახლავთ ინკლუზიური ზრდა, ისეთი ტიპის ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს ყველა მოქალაქეს. ეს მიიღწევა მხოლოდ სწორი და თანაბარი რეგიონული განვითარებით. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილი და გაორმაგებულია განათლების ინფრასტრუქტურის ინვესტიციები 2019 წლის ბიუჯეტში. რამდენიმე ათეული ახალი სკოლა აშენდება 2019 წელს საქართველოს ყველა კუთხეში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ რეფორმის, რომელსაც ჩვენ განათლების სისტემაში ვახორციელებთ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები, როგორიც არის წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება, ბევრი ქალაქისა თუ სოფლისთვის ახალი გზების მშენებლობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ 2019 წელს, ისევე, როგორც მომდევნო წლებში, ინფრასტრუქტურული განვითარება მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება. 

პრემიერმა კიდევ ერთხელ  გაუსვა ხაზი ევროკომისიის მიერ ახალი ტრანსევროპული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროგრამებში საქართველოს ჩასმის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანას ევროპულ სატრანსპორტო სისტემებთან კიდევ უფრო მეტად ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს.

„ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკომისიამ დაამტკიცა ახალი ტრანსევროპული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროგრამები და მასში საქართველოს აქვს ძალიან დიდი ადგილი და როლი. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და მსურს, კიდევ ერთხელ ყველას მივულოცო. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლებში ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძლებთ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებას და იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო უკეთ იქნება ინტეგრირებული ევროპულ სატრანსპორტო სისტემებთან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, მის გუნდს,  სამინისტროს ყველა თანამშრომელს, დონორებს, ასევე -  იმ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ცდილობენ, პროექტები ხარისხიანად და შესაბამის ვადებში დაასრულონ. 

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ 2018 წელი საქართველოსთვის წარმატებული იყო, 2019 წელს კი ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა ძალიან მაღალი ტემპებით ვითარდება. 

პრემიერ-მინისტრის ცნობით, 2022 წლის ჩათვლით საქართველოში ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება, მათ შორის ისინიც, რომელთა განხორციელება რთულ და კომპლექსურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს ეფუძნება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური