საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

Citi Group-ი საქართველოს საინტერესო და სანდო პარტნიორად აფასებს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-01-23

  ..

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი Citi Group-ი საქართველოს საინტერესო და სანდო პარტნიორად აფასებს. ამის შესახებ ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯეი კოლინსმა დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ასევე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განსახილველ საკითხებს.

ყურადღება გამახვილდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პრემიერმა Citi Group-ის თავმჯდომარის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის საგადასახადო ინიციატივების შესახებ.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს OPIC-ის ხელმძღვანელების ვიზიტზე საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

"განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკის საკითხები და პრემიერ-მინისტრის ხედვა ქვეყნის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე კაპიტალის ბაზრების პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენი საუბრის ძირითადი თემები ეხებოდა ინვესტიციებს, ზრდას, სამუშაო ადგილებს. ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. Citi-სთვის დიდი პატივია თქვენს ქვეყანაში საქმიანობა. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს", - განაცხადა ჯეი კოლინსმა.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური