მამუკა ბახტაძე - ჩვენი ისტორიული ფესვები და ჩვენი მომავალიც ევროპულია ამოსაბეჭდი ვერსია

2019-01-23

..

... 

 

 

საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში მთელი ევრაზიის კონტინენტის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბიზნესის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევის პოტენციალს.

"ღრმად მწამს, რომ რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივა ნამდვილად ძალიან ნათელი იქნება. თუ რუკას შეხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო ბუნებრივადაა ბიზნესის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში რეგიონის ცენტრად ქცევის კანდიდატი. ამიტომ ვახორციელებთ დიდ კაპიტალდაბანდებას ინფრასტრუქტურაში. ჩვენ საკუთარ თავს ევროპიდან აზიამდე გადებულ ხიდად მივიჩნევთ. ჩვენი ისტორიული ფესვები ევროპულია და ჩვენი მომავალიც ევროპულია, თუმცა ამავდროულად საქართველო მდებარეობს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. ამიტომ მივიჩნევთ საკუთარ თავს ხიდად",- განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს სურვილია, ხელი შეუწყოს ვაჭრობას და ტვირთბრუნვის ზრდას აზიასა და ევროპას შორის, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის და ამავდროულად, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ერთდროულად ორივესთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აკავშირებს.

"მე აქ დიდ სინერგიას ვხედავ. ჩვენ საკუთარ თავს ხიდად მივიჩნევთ, იმ ხიდად, რომელიც ორ უდიდეს ეკონომიკურ პლატფორმას აკავშირებს  ერთმანეთთან. ჩვენ ვართ ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭე და ახალი ლოგისტიკური მარშრუტებით შევძლებთ იმ ძალიან დიდი ეკონომიკური ღირებულების წარმოჩინებას, რომელიც ამ ქვეყნებში არსებობს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა დისკუსიისას ასევე ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი მაღალ დონეზე. მამუკა ბახტაძის თქმით, აშშ-საქართველოს  თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება  უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში.

"საქართველოს სრულად გააზრებული მისწრაფებაა ნატო-სა და ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანება.  თუმცა, ამავდროულად, როგორც პანელის მონაწილემ ბრძანა, ცენტრალურ აზიაში დიდია აუთვისებელი პოტენციალი. ამ მხრივ მთავარი დაბრკოლების დაძლევას წარმოადგენს გლობალურ ეკონომიკაში წარმოჩინებისთვის ტრანსპორტის და ლოგისტიკის გამართვა.  საქართველოში ღრმაწყლოვან პორტს ვაშენებთ, რათა ამ ქვეყნებს დავეხმაროთ დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობაში, ლოგისტიკის ხარჯების შემცირებაში, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაში", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია.

"სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი დგამს აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი პასუხი კი ამ უმტკივნეულეს გამოწვევაზე მდგომარეობს ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციაში და ჩვენი ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარებაში. ჩვენი ფესვები არსით ევროპულია. შესაბამისად, ჩვენი მსოფლმხედველობაც ევროპულია. აი, მაგალითად, თქვენ დასვით კითხვა ნატოსთან დაკავშირებით. საქართველოს შესვლა ნატოში იქნება თავად რეგიონის ინტერესებში. რატომ? იმიტომ, რომ რეგიონი გახდება უფრო პროგნოზირებადი და მდგრადი. ჩვენს რეგიონს სჭირდება სტაბილურობა. რეგიონში არსებობს წარმატების ყველა ეკონომიკური წინაპირობა. ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებით საქართველომაც დაადასტურა, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს გარდაქმნა თანამედროვე ევროპულ ქვეყანად, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა და სახეზეა ყველა ის მიღწევა, რომელთაც ესოდენ ნათლად ცხადყოფს საერთაშორისო რეიტინგები. ამასთან, რთულ მომენტებშიც საქართველომ დაადასტურა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ამოცანების შესრულება და სტაბილურობის, უსაფრთხოების და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფა. შეიძლება გქონდეს შესანიშნავი საგადასახადო რეჟიმი, მაგრამ სტაბილურობის და პროგნოზირებადობის პრობლემების გამო, არც ერთი ინვესტორი არ შემოვა ქვეყანაში. ჩემი აზრით, ჩვენი მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ემსახურება მთლიანად რეგიონის ინტერესებს, რადგან ეს თავად რეგიონს დაეხმარება თავისი დიდი ეკონომიკური ღირებულების გამოყენებაში, რომელიც დრეს ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება დაუთმო რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობას.

"საქართველოში ჩვენ ვიწყებთ საგანმანათლებლო სექტორის ახალ რეფორმას, რომლის საბოლოო მიზანია განათლების გარდაქმნა ჩვენი ეკონომიკის დომინანტ სექტორად. ის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 10-11%-ს უნდა შეადგენდეს და სწორედ ეს უნდა იყოს საბოლოო მიზანი და სხვა ქვეყნებისთვისაც მისაბაძი მაგალითი. ჩვენ მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს ბიზნესის წარმოების ინდექსში, რომლის თანახმად ჩვენ მე-6 ადგილზე ვართ. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი რეფორმის შედეგად, თავის დროზე მსგავს წარმატებას მივაღწევთ ადამიანური კაპიტალის ინდექსში. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ეკონომიკური ღირებულება გლობალურ ეკონომიკაში, რათა განვამტკიცოთ რეგიონში ზრდის მდგრადობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს რეგიონს აქვს ყველა წინაპირობა, რათა გახდეს ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თემატური დისკუსია - Eurasia in a New Global Context დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა და მასში პრემიერ-მინისტრთან ერთად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი და ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი მონაწილეობდნენ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური