მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-01-22

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივასა და საქართველოსა და აზრბაიჯანის ბიზნესებს შორის კავშირების მეტად გააქტიურებაზე.

ხაზი გაესვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს, რომელიც, ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით, როგორც  საქართველოში, ისე აზერბაიჯანში არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრეს TANAP-ის პროექტის შესახებ, ასევე ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური