საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2018 წლის სხდომები

2018 წლის 17 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

საქართველოს მთავრობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად 4 800 000 ლარს გამოყოფს. განკარგულების პროექტის თანახმად, თანხები გამოეყოფა დუშეთის, ცაგერის, ლენტეხის, მცხეთის, ლანჩხუთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებს. განკარგულების შესაბამისად, წლის ბოლომდე განხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია.

მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა განკარგულების პროექტი „აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის" ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ". განკარგულება გულისხმობს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის" ფარგლებში არსებული დანაზოგით ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მშენებლობის დაფინანსებას.

მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს "კასლეთი 2"-ს იჯარის უფლებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა, რაც გულისხმობს შპს "კასლეთი 2"-თვის ხაიშში მდებარე მიწების გადაცემას ჰესის ექსპლუატაციაში მისაღებად.

კერძოდ, პროექტის თანახმად, შპს "კასლეთი 2"-ს საკუთრებაში გადაეცემა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში, „ქვედა წვირმიდში" მდებარე 853.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ხოლო 49 წლის ვადით, იჯარის უფლებით - მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში, „ქვედა წვირმიდში" არსებული 1600.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ასევე, მთავრობის განაკრგულებით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „აქუაენერჯი ჯორჯიას" აღნაგობის უფლებით გადაეცემა. დოკუმენტის თანახმად,  შპს „აქუაენერჯი ჯორჯიას" აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცემა ქალაქ თბილისში, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 1413.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) რაც უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას - ქალაქ თბილისში, ზემო მაგისტრალური არხის წყალსაგდების მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰიდროელექტროსადგური „თბილისის ზღვის ჰესის" მშენებლობას.

მთავრობამ დღესვე დაამტკიცა განკარგულების პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ა(ა)იპ "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია"-თვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

საუბარია თბილისში, დასახლება დიდი დიღმის მიმდებარედ არსებული 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე ახალაშენებულ საოჯახო ტიპის სახლზე, რომელიც განკუთვნილია მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა მომსახურებისთვის. სერვისის მომწოდებელი ორგანიზაცია ა(ა)იპ "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია" სპეციალურმა კომისიამ კომისიამ კონკურსით გამოავლინა. ორგანიზაციას ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვადით გადაეცემა.

აღნიშნულ შენობაში "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია"  მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შექმნას და ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე წარადგინა მთავრობის განკარგულების პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 40 მილიონი ლარით გაზრდის შესახებ. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად, 2018 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა 240 მილიონი ლარი. ასევე, ცვლილება შევიდა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის  გამოყოფის შესახებ" განკარგულებაში. მაღალმთიან 22 მუნიციპალიტეტს, რომლებისთვისაც გამოყოფილია თანხა, დაემატა კიდევ 2 მუნიციპალიტეტი - მესტიის და თიანეთის. გამოყოფილი თანხა გაიზარდა 476 685 ლარით, რომლითაც ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება.

მთავრობის დადგენილებით, ფართოვდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის როგორც ბენეფიციართა, ასევე მედიკამენტების ჩამონათვალი. პროგრამით მოსარგებლეთა წრეს ემატება საპენსიო ასაკის პირები, (ქალი - 60 წლიდან, მამაკაცი - 65 წლიდან), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები.

პროგრამით მოსარგებლეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტები მიიღონ მედიკამენტის  საბაზრო  ღირებულების  არაუმეტეს 50%-ის თანაგადახდის პრინციპით.

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას; ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას; დიაბეტის (ტიპი 2) სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას;  ლოგისტიკის კომპონენტს - ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაფორმების ხარჯებს, მიღებას, შენახვას, ტრანსპორტირებას და პროგრამით მოსარგებლეებზე გაცემას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. კერძოდ, ფართოვდება მოსარგებლეთა არეალი, იაფდება დიაგნოსტიკა, ფართოვდება ელექტრონული ბაზები, იზრდება პროგრამის დეცენტრალიზაცია და მარტივდება რეგისტრაცია, ასევე მოხდება C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი მედიკამენტის სოფოსბუვირ/ველპატასვირის (ეპკლუსას)შემოტანა.

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება. 2018 წლის ივლისის მონაცემებით პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პირი, მათგან 48 000-ზე მეტმა დაიწყო მკურნალობა, აქედან 44 000-ზე მეტმა დაასრულა მკურნალობა და განკურნების მაჩვენებელი 98,2% შეადგენს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური