საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2018 წლის სხდომები

2018 წლის 25 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

სახელმწიფოს მხარდაჭერით, კიდევ ოთხი ახალი საწარმო ამოქმედდება, რომელთა შექმნისთვის განსახორციელებელი ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 მილიონ ლარზე მეტია. საწარმოების შესაქმნელად კომპანიებს - „კომპავა ჯორჯიას," „ნატვიტის," „ნუგბარს" და „ჯიემ სვით ენდ დრინქსს" თბილისში, თელავში, სიღნაღსა და გურჯაანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა. საწარმოებში ჯამურად რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმება იგეგმება.

მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 332 დევნილ ოჯახს გადაეცა. დევნილებმა ბინები თბილისში, ზუგდიდში, ონში, გორსა და წეროვანში მიიღეს. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 17 500- მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2018 წლის 1-ლი ივნისიდან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები დაუწესდებათ. კერძოდ, ისინი ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიასთან ან სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად, დამატებით 180 ლარის ოდენობის სოციალურ დახმარებას მიიღებენ. აღნიშნული სოციალური დახმარება არ იქნება გათვალისწინებული სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახების შემოსავლებში და ასევე არ იქნება საარსებო შემწეობის შეჩერების/შეწყვეტის ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამაში - „დანერგე მომავალი" ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები" ემატება, რომელიც დაფინანსების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების ხელშეწყობას ითვალისწინებს .
ქვეკომპონენტი მოიცავს ფინანსურ მხარდაჭერას მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურების ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობის ან/და ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების შეძენისთვის.
დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში,100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალის ღირებულების 100%.

კენკროვანების ქვეკომპონენტი განხორციელდება იმერეთში - საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის მუნიციპალიტეტებში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში; გურიაში - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები; რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში; სამეგრელო-ზემო სვანეთში - წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. ცვლილებების თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება. მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის (126 მუხლი). ნაცვლად დღეს არსებული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით; ასევე, დამამძიმებელი გარემოება ხდება ოჯახის წევრის მკვლელობა.