საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2018 წლის სხდომები

2018 წლის 3 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის გადაწყვეტილებით, თუშეთში, უნიკალური ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები ჩატარდება, რომლებიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.
ესენია - ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა.
მოხდება ციხე-სოფლებისა და ცალკეული ნაგებობების აღრიცხვა, დეტალური ფოტოფიქსაცია, ტოპოგრაფიული, ისტორიული და არქეოლოგიური კვლევების მომზადება. ჩატარებული კვლევების საფუძველზე კი, უკვე მომზადდება მათ გადასარჩენად აუცილებელი სარეაბილიტაციო კონცეფცია.

საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 400 ათასი ლარი გამოეყო.
მთავრობის განკარგულებით, 2017-2018 წლებში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების მიზნით, 5 მლნ ლარი გამოიყო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. კერძოდ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა 1 700 000 ლარი; ტყიბულის მუნიციპალიტეტს - 1 000 000 ლარი; საჩხერის მუნიციპალიტეტს - 790 000 ლარი; ქუთაისის მუნიციპალიტეტს - 720 000 ლარი; წალენჯიხის მუნიციპალიტეტს - 695 000 ლარი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 180 000 ლარი. ამ თანხებით მოხდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია. საუბარია საცხოვრებელი სახლების, მრავალბინიანი კორპუსებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების სახურავების, ასევე, საავტომობილო და საფეხმავლო ბოგირების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციაზე.
მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ახალი არასამეწარმეო იურიდიული პირის - „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის", ჩამოყალიბებისთვის საჭირო ღონისძიებები. ახლად შექმნილი აიპ-ი, რომელიც საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელს ეფუძნება, მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს. კერძოდ, პირველ ეტაპზე, წელსვე, პენსიონერებს მიეცემათ საშუალება, მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ.

მთავრობამ დღეს ასევე დაამტკიცა „პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
კანონპროექტი პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას გულისხმობს. კერძოდ, მოხდება პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია, ანუ, ჩნდება ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა; ცვლილებები ქმნის პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობას; მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული - ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია; კანონპროექტი ასევე აჩენს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას; ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა, ასევე, ზრდასრულთათვის განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, ხოლო მეორე შემთხვევაში - ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება და სხვა. დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომები; სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის/ანაზღაურებადი მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ; ჩამოყალიბდება პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემა; იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობა;

კანონპროექტი შესაბამისობაშია პროფესიული განათლების სფეროში ევროკავშირის მიერ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან.
მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცა განკარგულების პროექტი „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელების თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების მიღებას მავნებლის ბიოლოგიის, გადაადგილების მარშრუტების, რიცხოვნობის შესახებ, შემდგომში მასთან ბრძოლის გასაუმჯობესებლად. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები 500 000 ლარით დაფინანსდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური