2018 წლის 19 აპრილის მთავრობის სხდომა

2018-04-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილა. დაემატა 2 საკითხი. დღის წესრიგი
მთავრობის დადგენილებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლებენ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლიჩის; ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების მელუშეეთის, ბეგიაურის, მანდაეთისა და წყალშავის; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების - ზვარეს, ჩრდილის და გედსამანიის; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების ტაძრისის და საკირეს; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ბრდაზორის; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ღოღეთის; ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანის; ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურას მცხოვრებლები.
დღემდე მაღალმთიანი დასახლების სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს 1715 დასახლებას.
შეღავათებით ისარგებლა 7272 ოჯახმა, რომელთაც 2017 წელს შეეძინათ შვილი; 69 803 პენსიონერმა; 14 150 სოციალური პაკეტის მიმღებმა; 11 395 პედაგოგმა; 574 ექიმმა; 989 ექთანმა; 295 სპორტის სფეროში დასაქმებულმა; მეწარმეებმა ისარგებლეს საგადასახადო შეღავათებით; 77 973 ოჯახმა ისარგებლა მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათებით.
გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო. 3 მლნ ლარი გათვალისწინებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი" - მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისათვის. 7 მლნ ლარი გამოიყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამისათვის.
კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებია სახელმწიფო პენსიის ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიური დანამატი - სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტი; ყოველთვიური დანამატი სოციალური პაკეტის 20 პროცენტის ოდენობით; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ყოველთვიური დანამატი: ექიმისათვის - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით; ექთნისათვის - სახელმწიფო პენსიის ოდენობით; ზამთრის პერიოდში (შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა. კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარება - არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის - 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარება - არანაკლებ 200 ლარისა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის დანამატი - საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტისა. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის დანამატი - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტისა. საჯარო სკოლის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით მიცემა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 8 მეწარმე სუბიექტს მიენიჭა. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით დღეისთვის 307 მეწარმე სუბიექტი სარგებლობს.
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის იურიდიული პირები 10 წლით თავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადისგან, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირები - ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩაის საწარმო შეიქმნება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ამ მიზნით,„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რკ „კოლხურ თაიგულს," რომელშიც შედის 12 მეპაიე, 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფიჩხოვოში მდებარე 39 200 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა.
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კასპის რაიონში კერამიკული ნაწარმის საწარმო შეიქმნება, რისთვისაც შპს „კერამიკა ელ ტორენტეს" სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცემა სოფელ მეტეხში მდებარე არასასოფლო მიწა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
კომპანია სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ საწარმოს შესაქმენალდ ორი წლის ვადაში ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში დაახლოებით 25 ადამიანი დასაქმდება.
მთავრობამ ასევე დაამტკიცა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" საგრანტო პროგრამა.
2015-2017 წლებში დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ სარეინტეგრაციო ღონისძიებებზე სულ დაიხარჯა 1 590 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, სოციალური პროექტი სულ 328 დაბრუნებულ მიგრანტს დაუფინანსდა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე სახელმწიფომ 2018 წლის რეინტეგრაციის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაზარდა, რამაც 650 000 ლარი შეადგინა.
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" საგრანტო პროგრამა ასევე ითვალისწინებს - სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, ასევე საცხოვრისით დროებით უზრუნველყოფასაც.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური