საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2018 წლის სხდომები

2018 წლის 4 აპრილის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-04-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა სამშვიდობო ინიციატივების - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", საკანონმდებლო  ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

პირველი - გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;

ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

მეორე - ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

მესამე - ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც საქართველოს განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის გააქტიურებას.

მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა ახალი მასშტაბური საგადასახადო ინიციატივები, რომელთა თანახმად, მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისაგან და ნაცვლად 5 საგადასახადო დოკუმენტისა, რომელიც დღეს დგება მეწარმის მიერ, იქნება ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი. ასევე, მაქსიმალურად წახალისდებიან კომპანიები, გამარტივდება როგორც საგადასახადო, ისე პროცედურული საკითხები, რათა მათ პროდუქცია ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები ადამიანებისგან და მცირე ფერმერებისგან შეისყიდონ. მესამე ინიციატივა საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად. შესაბამისად, ეს ინიციატივა გულისხმობს არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას. ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს, ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები ჩვენს ქვეყანაში, გახსნან  ანგარიშები ჩვენს საბანკო სისტემაში. მათ ასევე ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში კომპანიის მართვა, ფიზიკურად აქ ყოფნის გარეშე.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ", რომლის თანახმად, საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება.  გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები კიდევ 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელსა და 1 ქალაქში განხორციელდება. მასშტაბური სამუშაოები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39,5 მლნ ლარით დაფინანსდება, განხორციელდება დედოფლისწყაროს, ქობულეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, თერჯოლის, წყალტუბოს, ლაგოდეხის, დუშეთის, მცხეთის, სენაკის, ბოლნისის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, გარდაბნის, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტების არაერთ სოფელში, ასევე - ქალაქ მარტვილში, გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ უბნებში.

2013-2017 წლებში  80 ათას ახალ ოჯახს მიეწოდა ბუნებრივი აირი მთავრობის მიერ განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად;

მთავრობის ინიციატივით, ცვლილებები შედის „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში, რომელიც მოსწავლეთა უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერებასა და არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას.

ასევე, სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერების დამონტაჟება. ეს იქნება ეტაპობრივი პროცესი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე დასრულდება. დღესაც არსებობს ასეთი ვალდებულება კერძო სკოლებთან მიმართებაში, თუმცა ამ ცვლილებების შედეგად, ეს ვალდებულება ყველა სკოლაზე გავრცელდება.

იცვლება მანდატურის კანდიდატის მიმართ მოთხოვნები: აუცილებელი ხდება, კანდიდატს ჰქონდეს სრულ ზოგად განათლებასთან ერთად, პროფესიული ან უმაღლესი განათლება. შესაბამისად, იცვლება ასაკობრივი ცენზიც და პირი მანდატური შეიძლება გახდეს მხოლოდ 21 წლის ასაკიდან.

მანდატურის მოსამზადებელი კურსების პროგრამაში სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება.

ამასთან, განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს.

„პირადი გასინჯვა" იცვლება „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით", რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს.

სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

მთავრობის განკარგულებით, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ეროვნულ დონეზე ჩაატარებს. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. ოლიმპიადაში საწყის ეტაპზე ჩართვა სპორტული მონაცემების მიუხედავად, ყველა მსურველს შეუძლია.   სასკოლო სპორტული ოლიმპიადები მოიცავს მთელ საქართველოს, მასობრივ ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვება 1700-ზე მეტი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის 100 000-ზე მეტი მოსწავლე, სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით შედგება 8000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრი.

მთავრობის გადაწვეტილებით, ასევე ცვლილებები შედის აგროდაზღვევის პროექტში, რომლის თანახმად, წინა წლებისგან განსხვავებით, პროგრამით ისარგებლებს ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. პარალელურად, მარტივდება რეგისტრაციის პროცესი, რომლითაც მეწარმეს და მცირე ფერმერს სურს, ისარგებლოს.

აგროდაზღვევის პროექტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, მეწარმეთა, ფერმერთა, რისკების შემცირებას ემსახურება, უკვე მე-5 წელია, ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის დაზღვევას სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან ყველა კულტურაზე - 70%-ით, ხოლო ვაზზე - 50%-ით.

აგროდაზღვევის პროექტით 2014-2017 წლებში დაზღვეული ფართობი 60 ათასამდე ჰექტარს შეადგენს და ჯამში დაზღვეულია 500 მილიონამდე ლარის მოსავალი.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური