საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2018 წლის სხდომები

2018 წლის 14 მარტის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-03-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი
მთავრობამ დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია დაამტკიცა, რომელიც შესაბამისი არეალების განვითარების პირობებს ადგენს.
საუბარია, როგორც საცხოვრებელი ზონის განვითარებაზე, ისე სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდასა და ბაკურიანი-დიდი მიტარბის მთელი კომპლექსის სასრიალო ტრასების ერთმანეთთან დაკავშირებაზე.
გეგმა ასევე გულისხმობს დიდი მიტარბის მიმართულებით 5 000 საწოლი ადგილის განვითარებას, ასევე კვების ობიექტების, სარეკრეაციო სივრცეების, ადმინისტრაციული შენობების და ა.შ. დიდი მოცულობის სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურა, სპორტული კომპლექსები, კინოთეატრები, ველოპარკები, განვითარდება ძირითადად ბაკურიანში და მთლიანობაში, ეს კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი საქართველოში ტურიზმისათვის.
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ქუთაისში არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება, რაშიც 3 932 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ მიზნით, მთავრობის განკარგულებით,„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „ჯეომეტალს" პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცემა.
მთავრობამ ასევე მოიწონა განკარგულების პროექტი „ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „საქართველოს ნავთობისა დაგაზის კორპორაციისთვის" სესხის გაცემის შესახებ", რომლის თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პირველიმიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას დააფინანსებს.
მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები კოოპერატივ „რკ განძა+"-ს იჯარის უფლებით გადაეცემა, რის შედეგადაც, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ფერმა. ასევე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების "რკ ულეველასათვის" იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ, რაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოტში მდებარე ნაკვეთებზე ფერმის აშენებას გულისხმობს.
მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი". პროგრამას ემატება ორი ახალი კულტურა - სუფრის ყურძნის წარმოება და ფისტას კულტურა.
მოსახლეობისათვის შემოსავლის გაზრდის მიზნით და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, პროგრამის მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტისა და სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, მონაწილეობა დასაშვები ხდება იმ პირებისთვისაც, რომელთაც გრძელვადიანი იჯარით მიღებული აქვთ მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტისორგანოსგან ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური