საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-01-24

1  2

3  4

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციაში 22-24 იანვარს იმყოფებოდა.
სამუშაო ვიზიტი პრემიერმა ქალაქ ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში სტუმრობით დაიწყო, სადაც შეხვედრა გამართა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს.
ექსპერტთა ჯგუფი გაეცნობა საქართველოს შესაძლებლობებს, მათ შორის ახალგაზრდული სპორტის განვითარების მიმართულებით. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია, პერსპექტივაში ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. საუბრისას აღინიშნა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და ამ პროცესში შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება.
პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა, ასევე პრეზიდენტ ბახისგან საჩუქრად მიიღო დამფუძნებლის მედალი და ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერა.
23 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში შეხვედრები გამართა მსხვილი საერთაშორისო კომპანიების - Wipro-ს, JSW Group-ის, Lulu Group-ისა და Hillwood-ის ხელმძღვანელებთან, რომლებიც საქართველოს ბაზარზე შემოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრ საპარ ისაკოვთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩთან.
პრემიერი ასევე სიტყვით გამოვიდა დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia, რომელზეც საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
საქართველოს დელეგაციაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი