პრემიერმა „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო პრეტენდენტს შორის დასახელებულ ლადო აფხაზავას წარმატება მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-12-28

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს" 50 საუკეთესო პრეტენდენტს შორის დასახელებულ ქართველ მასწავლებელ ლადო აფხაზავას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ლანჩხუთის რაიონის სოფელი ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს წარმატება მიულოცა და  აღნიშნა, რომ ინდივიდუალური მიღწევები, მომდევნო წლების განმავლობაში, განათლების სექტორის სისტემურ წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას, პრემიერმა ყურადღება განათლების სისტემის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.

მამუკა ბახტაძის თქმით, რეფორმების გეგმა გრძელვადიანია, თუმცა  2018 წელს ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა, მომავალი წელი კი, კიდევ უფრო წარმატებული იქნება; აღინიშნა, რომ სამომავლო გეგმები საზოგადოებას 2019 წლის დასაწყისში წარედგინება.   ითქვა, რომ განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი და უპირობო პრიორიტეტი იქნება მომავალი წლების განმავლობაში. ხაზი გაესვა, რომ განათლება საქართველოს ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს და რეფორმამ ისეთი ადამიანური კაპიტალის შექმნა უნდა უზრუნველყოს, რომელიც საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში შეიყვანს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" (The Global Teacher Prize)  ფინალშია. კონკურსი ხაზს უსვამს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას, იმ ფაქტს, რომ მათი საქმიანობა და ძალისხმევა აღიარებას იმსახურებს. 2017 წელს ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლობის პრეტენდენტმა განაცხადა, მთავრობის მეთაურმა მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური