საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-12-25

საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცხეთაში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პერიოდი უპრეცენდენტო აღმშენებლობის ხანაა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში.

„მინდა ყველა მართლმადიდებელს მივულოცო, დღეს შესრულდა 41 წელი საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში აშენდა, რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი და ეს არის მართლაც უპრეცენდენტო აღმშენებლობის ხანა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს. მე მინდა, დიდი მოწიწებით მას უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ ღვაწლისთვის რაც მან შეიტანა და შეაქვს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საქმეში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა უწმინდესს აღსაყდრების 41 წელი ტაძრის ამბიონიდანაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველო  მრავალი ხიფათისა და განსაცდელის წინაშე იდგა და კათოლიკოს-პატრიარქმა თავისი მოღვაწეობით ქვეყანას ბევრი  განსაცდელი ააცილა.

„მსურს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, უდიდესი მოწიწებით გადაგიხადოთ მადლობა იმ ფასდაუდებელი და მუხლჩაუხრელი მოღვაწეობისთვის, რაც თქვენ გაქვთ ჩვენი ერის წინაშე. მინდა გისურვოთ მრავალჟამიერი ქართველი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს და ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ქართველ ერს", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური