საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-23

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით - მზიურის საჩოგბურთო კორტებით უსასყიდლო უზურფრუქტით სარგებლობის 10-წლიანი ვადა 49 წლამდე გაუხანგრძლივდა.

სპორტის განვითარების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და ჩოგბურთის ფედერაციის სამომავლო გეგმების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ აკა მეტრეველსა და ფედერაციის გამგეობის წევრს, ლეგენდარულ ჩოგბურთელ ალექსანდრე მეტრეველს ესაუბრა.

მთავრობის მეთაურმა საუბრისას ხაზი გაუსვა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტით ახალგაზრდობის დაინტერესების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება სახელმწიფო ქონების გადაცემა ჩოგბურთის ფედერაციისთვის, რომლის შესახებ მემორანდუმი დღეს ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმდა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის სპორტული აქტივობებით დაინტერესებისა და სპორტული ტურიზმის განვითარების პროცესში სახელმწიფოსა და ფედერაციას შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქონების გრძელვადიანი უსასყიდლო უზურფრუქტით სარგებლობის უფლება ფედერაციას გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებას მისცემს, რაც საქართველოს რეგიონებში, მათ შორის მესტიაში, შეკვეთილში, წყალტუბოში, ზუგდიდში, საჩხერესა და ბორჯომში ახალი საჩოგბურთო კომპლექსების მშენებლობას გულისხმობს.

ფედერაციამ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, სპორტული ობიექტების ხელმისაწვდომობა დარეგულირდეს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებებისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური