საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრისთვის მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს დიდ მხარდამჭერსა და ფასდაუდებელ მეგობარს, პრეზიდენტ იუნკერს და ევროკომისრებს.

ევროკომისიასთან თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატზე საუბარი მიმდინარე წლის დასაწყისში დავიწყეთ, დღეს უკვე ბრიუსელში ვმართავთ პირველ შეხვედრას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის შემდგომი გაძლიერების კონკრეტულ ინიციატივებს ვიხილავთ.

ძალიან ვაფასებთ ბევრი ევროკომისრის მონაწილეობას ამ შეხვედრაში, რაც ძლიერი მხარდაჭერის და საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მზაობის დასტურია. ამდენად, ყველას მადლობას გიხდით ამ დიდი შესაძლებლობისთვის.

დღევანდელი შეხვედრა უნიკალურ ფორმატს ქმნის საქართველოსთვის - ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ევროპული გეზი ყოველთვის იყო მტკიცე. პრინციპში, ევროპასთან ინტეგრაცია ყოველთვის იყო საქართველოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ეს იმით არის განპირობებული, რომ საქართველომ აირჩია ევროპული ოჯახის წევრობა, რაც სხვა არაფერია, თუ არა ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი.

ამ მიმართულებით ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება ტრადიციულად მაღალ დონეზეა შენარჩუნებული.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, მოქმედებს და ჩვენ ვცვლით ეროვნულ კანონმდებლობასა და ინსტიტუციურ წყობას, რათა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს მოვარგოთ ისინი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განხორციელდა ჩვენი რეფორმების ძალისხმევის კონსოლიდაცია დემოკრატიისა და კარგი მმართველობის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიის, სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკის მოდერნიზაციის გასაძლიერებლად. თანმიმდევრულნი ვართ ჩვენი მოქალაქეების ნების შემხვედრ ძალისხმევასა და რეაგირებაში ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან გზაზე.

საქართველო არასოდეს ყოფილა მარტო ამ გზაზე. ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ხელშეწყობითა და მტკიცე დახმარებით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით, საქართველო წინ მიიწევს ამ გზაზე, როგორც ლიდერი რეფორმატორი სახელმწიფო. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს ამ დახმარებისთვის, ასევე ორი ფინანსური შეთანხმების ხელმოწერისთვის ეკონომიკური და ბიზნეს განვითარების შესახებ. ამ განგრძობად მხარდაჭერას ადასტურებს ასევე შეთანხმება შრომის ბაზრის შეუსაბამობების მოგვარების შესახებ.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორში და მეტად ფუნქციური დატვირთვის მქონე კავშირებს შექმნის ევროკავშირთან. ეს ჩვენ ეტაპობრივად დაგვეხმარება გარდაქმნის მაქსიმალური შესაძლო ხარისხის მიღწევაში ევროკავშირთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად. ზუსტად ეს არის ევროკავშირისკენ საგზაო რუკის შემუშავების ინიციატივის განმაპირობებელი იდეა.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი განგვეხილა. ჩვენი ძლიერი პოზიცია განპირობებულია კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე ნაკისრი ვალდებულებით. თუმცა, ქვეყნის განვითარების პროცესი მიმდინარეობს რუსეთის პროვოკაციების ფონზე, რაც ყოველდღიურად ინტენსიური ხდება. სამშვიდობო მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებს რუსეთი უპირისპირდება; ადამიანის უფლებების მძიმე დანაშაულების - მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებების, წამების და მკვლელობის მოწმენი ვხდებით; საოკუპაციო ძალები აგრძელებენ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აგებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ჰუმანიტარულ მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს. ამ რთულ ვითარებაში, ევროკავშირის ძლიერი და გაერთიანებული ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ინარჩუნებს გადამწყვეტ მნიშვნელობას. ვაფასებთ ყველა ნაბიჯს და განცხადებას, რასაც ევროკავშირი აკეთებს, მის მიერ გამოყენებულ ყველა მექანიზმს, საქართველოს მიწაზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუვნელსაყოფად. განსაკუთრებით მოტივირებულნი ვართ ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერით ჩვენი სამშვიდობო ინიციატივისადმი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

დღევანდელ შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკომისრებს გავუზიარე ჩვენი ხედვა რეფორმებისა და კონკრეტული წინადადებების შესახებ, რაც განსაზღვრულ დარგებში კონკრეტულ შედეგებს მოიტანს. ზუსტად ახლა მიმდინარეობს ქართველი მინისტრებისა და ევროკომისრების შეხვედრები, სადაც მხარეები ამ წინადადებების დეტალებს განიხილავენ.

თუმცა, მიმაჩნია, რომ უკვე შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ საერთო ჯამში ევროკომისიის შესაბამისად ვვითარდებით რამდენიმე ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობის დაწინაურების კვალობაზე:

ევროკავშირი-საქართველოს ვაჭრობისა და ამ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის შემდგომი გაძლიერება კიდევ ერთი სფეროა, სადაც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს დახმარებას. ეს იქნება დიდი პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარება განვითარებაში, არსებული შესაძლებლობების ფართო სპექტრის გამოყენებით. მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობით ჩვენ მოვაგვარებთ სიღარიბის პრობლემას, რასაც თავისთავად ექნება დადებითი გავლენა ექნება ინკლუზიურ ზრდაზე. ამ მიმართულებით გზამკვლევის შემუშავებაზე ვისაუბრეთ და მიზნად გვაქვს დასახული, ხელშესახები შედეგები ვიქონიოთ ამ სფეროში.

კავშირგაბმულობა, ენერგოეფექტურობა და მწვანე ეკონომიკა ის სფეროებია, სადაც გავაგრძელებთ მუშაობას ევროკავშირთან ერთად, რათა კონკრეტული შედეგები მივიღოთ.

ვიმუშავებთ საქართველოში "ჭკვიანური სპეციალიზაციის" კონცეფციის ხელშეწყობაზე, რაც შეავსებს და შეესაბამება სამთავრობო პრიორიტეტებს როგორც ევროკავშირის შეკრულობის პოლიტიკის მსგავსი ინსტრუმენტებისა და პოლიტიკის შემუშავების სფეროში, ასევე ახალი ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე. ევროკავშირი აგრძელებს ფართო სპექტრის შესაძლებლობების შექმნას სტუდენტების და მკვლევარების მობილურობისთვის. ევროკავშირთან ერთად წინ წავიწევთ თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ინიციატივის განხორციელებაში. საქართველოს საგანმანათლებლო სექტორის ყოვლისმომცველი რეფორმა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია. ძალიან მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ადამიანური კაპიტალის განვითარება პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული მასობრივი აქტივობების გზით.

ევროპის ხილვადობა საქართველოში უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ამ კონტექსტში ბევრი ინიციატივა გაგვაჩნია, რაც გულისხმობს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას - მაგ. კულტურული გაცვლითი პროგრამების საშუალებით.

მივესალმებით ევროკავშირის განგრძობად მხარდაჭერას საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელების სფეროში, რაც ბევრ ინოვაციას დანერგავს სასამართლო სისტემის ეფექტიანობის შემდგომი გაძლიერებისთვის და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.

ვაპირებთ ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში მონაწილეობის გაზრდასა და გაფართოებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის თავის მხრივ გააძლიერებს ჩვენს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს და ევროკავშირის პოლიტიკასთან თავსებადობის მაღალ ხარისხს შეგვძენს.

ასევე შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს სამოქალაქო დაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.

დასკვნის სახით, მსურს კიდევ ერთხელ მივესალმო ევროკავშირ-საქართველოს შორის თანამშრომლობის სფეროში ამ ახალი და გამონაკლისის სახით შექმნილი ფორმატის დაბადებას, რაც კონკრეტულ სტიმულს მისცემს და წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაჩინო და წარმატებულ მაგალითს მთელს მის სამეზობლოში.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი:

ქალბატონებო და ბატონებო, მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მაქვს საშუალება, საქართველოს მთავრობას მივესალმო და ჩემს ძალიან კარგ მეგობარს, ბატონ მამუკას და კომისიას, რომელიც განსაკუთრებული შემთხვევისთვის შეიქმნა. განსაკუთრებულია ეს შემთხვევა ნამდვილად, იმდენად, რამდენადაც, განსაკუთრებული დღეა, დიდი დღეა საქართველოსთვის და ევროპის კავშირისთვისაც. დღევანდელი შეხვედრა ცხადყოფს, რომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორობას და ეს შეეხება ორივე მხარეს - საქართველოსაც და ევროკავშირსაც. ეს არის ის პარტნიორობა, რომელიც დიდი ხანია ვითარდებოდა. ჩვენ საერთო ისტორია და გეოგრაფია გვაქვს. მე საქართველოშ პირველად მიმდინარე წლის 26 მაისს ვიმყოფებოდი. მქონდა პატივი იმისა, რომ მენახა, რამდენად გამბედავია ქართველი ხალხი, რამდენად დიდი ამბიცია აქვს ამ ერს, რომ ევროპის ოჯახში დაბრუნდეს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ბედი, ევროპისა და საქართველოსი არის ერთად გადაჯაჭვული და ჩვენ ორივეს გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას, განხორციელდეს რეფორმები საქართველოში და ჩვენი მხარდაჭერაც მით უფრო დიდი იქნება. 2014 წლიდან 90 მილიონი ევროს დახმარება გამოვყავით უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალისხმევის განსახორციელებლად და უახლოეს მომავალშიც მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გამოიყოფა. მივესალმები, რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ ევროპული სკოლა გაიხსნა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველო უახლოვდება ევროპას.

ტელეკომპანია „იმედი":

ბატონო პრემიერო, უმაღლესი დონის ფორმატთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი განცხადება გაკეთდა მთავრობის წევრების მხრიდან. ეს ფორმატი მოწმობს, რომ დღეს გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა. თუ შეიძლება უფრო მეტი გვითხარით ამ ფორმატის შესახებ, რა სიკეთეს უნდა ელოდეს საქართველოს მოსახლეობა ამ ფორმატში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ანუ რამდენად უახლოვდება საქართველო ევროკავშირს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღე არის მართლაც ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს, როგორც წარმატებულ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენ მოგვცეს საშუალება, რომ გვქონოდა ახალი ფორმატი, დღევანდელი ფორმატი. მე მინდა პირადად პრეზიდენტ იუნკერს მადლობა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ დღეს გაგვიჩნდა პლატფორმა, სადაც შეგვიძლია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორ გავხადოთ საქართველოს წარმატება ევროპულ გზაზე უფრო ხელშესახები და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები ყველა განზომილებაში. დღეს ჩვენ გვქონდა კონკრეტული მოლაპარაკებები, რომელიც დაგვეხმარება, რომ ყველაზე მწვავე გამოწვევებს გავუმკლავდეთ საქართველოში, ისეთი, როგორიც არის ეკონომიკური განვითარება და სიღარიბის დაძლევა. რომ ჩვენი ექსპორტი გახდეს უფრო ფართოდ წარმოდგენილი ევროკავშირის ბაზარზე. იცით, რომ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას განათლების სისტემაში და ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ მოვახდინოთ ჩვენი განათლების სექტორის სრული ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ ვიმსჯელეთ, თუ როგორ მივცეთ ჩვენს სტუდენტებს უფრო ფართო შესაძლებლობა, რომ მიიღონ განათლება ევროკავშირის ქვეყნებში. ამავე დროს, ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელსაც ჩვენ გავატარებთ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ისეთი მიმართულებით, რომელიც მოითხოვს მსხვილ კაპიტალ დაბანდებებს და აქაც, ბუნებრივია, ჩვენი ევროპელი მეგობრები იქნებიან ჩვენს გვერდით. ჩვენ ვცდილობთ, რომ გვქონდეს კონკრეტული დღის წესრიგი ყველა მიმართულებაში იმისთვის, რომ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირთან დაჩქარდეს და რა თქმა უნდა, გახდეს ხელშესახები თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.

ტელეკომპანია „რუსთავი 2":

ბატონო პრემიერო, ბატონო პრეზიდენტო, როგორც იცით, ერთ კვირაში საქართველოში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. არასამთავრობოების და დამკვირვებლების მიერ ფასდება, როგორც ყველაზე ცუდი საარჩევნო გარემო მეორე ტურის წინ. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ არსებობს კონკრეტული ფაქტები მმართველი გუნდიდან ზეწოლის, ამომრჩევლის მოსყიდვის. ასევე არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მმართველი გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ბანკმა განაცხადა, რომ 600 000 მოქალაქეს ვალებს დაუფარავს და არასამთავრობო სექტორი ამასაც მიიჩნევს ამომრჩეველზე ზეწოლად. ასეთ ვითარებაში რა გზავნილს გააკეთებდით თქვენ არჩევნების მეორე ტურამდე და ფიქრობთ თუ არა, რომ ასეთ გარემოში ჩატარებული არჩევნები იქნება პრობლემა ჩვენთვისაც და ზოგადად, ევროკავშირისთვისაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

ეს არის ნარატივი, რომლის გავრცელებასაც სამწუხაროდ, ცდილობს ნაციონალური მოძრაობა და ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი მიდგომა. საქართველოში ტარდება დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს არის ჩვენი ხელწერა და ამიტომაც არის საქართველო წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საქართველოში არის ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც დამახასიათებელი უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მეორე ტურიც, ისევე, როგორც ნებისმიერი არჩევნები მომავალში საქართველოში, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, ისევე, როგორც ეს ტარდება 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში. რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის დარღვევებს, თუ ასეთებს ნამდვილად აქვს ადგილი, ამისთვის საჭიროა კონკრეტული ფაქტების ჩვენება და გამოძიების ჩატარება. ჩვენი მიზანია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ არცერთი შემთხვევა არ დარჩეს რეაგირების გარეშე და თუ არის ასეთი კონკრეტული შემთხვევები, ამ შემთხვევაში, საჭიროა, რომ ეს ინფორმაცია მოვიდეს და მოხდეს ამ ყველაფერზე დეტალური მოკვლევის ჩატარება. პირადად მე ვთხოვე ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, ისევე, როგორც ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ესწრებოდეს ჩვენს არჩევნებს და იცით, რომ პირველ ტურში იყო რეკორდული რაოდენობა დამკვირვებლების და ასევე იქნება მეორე ტურში. დემოკრატიაში არჩევნების ბედს წყვეტს ხალხი. საქართველოში მეორე ტურში არჩევნების ბედს და ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, გადაწყვეტს ქართველი ხალხი. მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი:

წარმატებას ვუსურვებ კანდიდატებს. ჩვენ ძალიან გულახდილად განვიხილეთ ეს საკითხი ამჟამად მომუშავე ეუთოს მისიასთან ერთად და მე ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო პასუხობს ყველა დემოკრატიულ სტანდარტს.