საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კასპში „ჰაიდელბერგცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტს  გაეცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-16

-

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კასპში დღეს „ჰაიდელბერგცემენტის"  ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც დასასრულს უახლოვდება. 

მთავრობის მეთაურმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქარხნის მართვის ცენტრი დაათვალიერა და ახალი საწარმოო ხაზის მშენებლობის პროცესით დაინტერესდა.

ორგანიზაციის მენეჯმენტის ინფორმაციით, ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, რაც, მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო ხარჯებს და გაზრდის ენერგოეფექტურობას. ამასთან, პროექტი ევროპული სტანდარტის ფილტრების და ემისიების მუდმივი მონიტორინგის აპარატურის დამონტაჟებასაც ითვალისწინებს, რომლის მეშვეობით მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობა გაკონტროლდება. 

კასპის "ჰაიდელბერგცემენტის" ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი აშშ დოლარია, 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური