საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-13

---

ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში სწორედ დღევანდელი დღე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს დღევანდელი დღე არის სიმბოლო ქართველი ერის სულის სიმტკიცის, ჩვენი რწმენის სიმტკიცის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ასი ათასმა ქართველმა თავი გასწირა რწმენისთვის და სამშობლოსთვის.

„ასი ათასმა ქართველმა სწორედ აქ თავი გასწირა თავისი სამშობლოსთვის, თავისი რწმენისთვის და ჩვენ, მათ შთამომავლებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ქრისტეს გზამ და ჩვენმა რწმენამ შემოგვინახა ჩვენი ქართველობა და ჩვენი სამშობლო. ჩვენი უწმინდესის და ქართული ეკლესიის ძალიან დიდი ღვაწლის შედეგად, ძალიან მიხარია, რომ ყველა ქართველი დღეს გრძნობს, თუ როგორი დიდი გმირების შთამომავლები ვართ ჩვენ. დღევანდელი დღე არის სიმბოლო ქართული ხასიათის, ჩვენი რწმენის სიმტკიცის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს დიდება ჩვენს თავდადებულ გმირებს ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისს პრემიერ-მინისტრთან ერთად დედაქალაქის მერი კახა კალაძე და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დაესწრნენ.  

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური