პრემიერი ირლანდიის სენატის მიერ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-08

ირლანდიის სენატის მხრიდან გამოხატული ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად სანდო და საიმედო პარტნიორია საქართველო ჩვენი ევროპელი და დასავლელი მეგობრებისთვის - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ირლანდიის სენატის მიერ ერთხმად მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია.

პრემიერმა ირლანდიის სენატს რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

„მინდა გაცნობოთ, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს ირლანდიის სენატმა ერთხმად მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია. ჩვენ მივესალმებით და დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს ამ რეზოლუციის მიღებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მეგობარი ქვეყნის მიერ კიდევ ერთხელ მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ყურადღება არის გამახვილებული ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობასა და ვითარებაზე. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და კონკრეტულად, ჩვენს ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ასევე, ხაზგასასმელია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები სათანადოდ აფასებენ საქართველოს ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე და აღიარებენ იმ უმნიშვნელოვანეს პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური