საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდოველ კოლეგას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-05

2  3

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოლდოველმა კოლეგამ პაველ ფილიპმა მთავრობის სახლში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.

მხარეებმა შეხვედრისას სუამ-ის როლის გაძლიერებაზე, ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ დონეზე ძალიან კარგი ურთიერთობები აკავშირებთ და პოზიტიურად ვითარდება თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე სუამ-ისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატებში.

პრემიერ-მინისტრების შეფასებით, ქართველო და მოლდოველ ხალხს არსებული მეგობრობა სხვადასხვა სფეროში საქმიანი კავშირების დინამიკური განვითარებისთვის ძალიან კარგი საფუძველია.

მხარეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს საერთო გამოწვევებთან გამკლავების პროცესში ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობას.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ქართულმა მხარემ პრემიერ-მინისტრ ფილიპს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პოტენციალის სრულად ათვისებისთვის.

შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ტუდორ ულიანოვსკიმ მოაწერეს ხელი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური