საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ბერლინის კედლის ფრაგმენტი  თბილისის შუაგულში გვახსენებს, რომ ნებისმიერი ხელოვნური ბარიერი, მათ შორის მავთულხლართები, ბოლოს მაინც ჩამოიშლება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-02

  2

გერმანიას ძვირფას მეგობრად მივიჩნევთ, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დახმარებას გვიწევს და მიგვიძღვება ამ რთულ გზაზე ევროპის ერთა ოჯახისკენ, რომელთანაც საზიარო ისტორია, კულტურა და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ღირებულებათა სისტემა გაგვაჩნია, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.  

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გერმანია არის ადგილი, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს დაუკავშირდა ცივი ომის დასრულების შემდეგ და ეს ქვეყანა არის საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენების გზაზე.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა გერმანიის გაერთიანების 28 წლის იუბილეს აღსანიშნავ საღამოზე. მთელს მსოფლიოში 3 ოქტომბერი აღინიშნება როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა და გვახსენებს გერმანელი ერის მიზანსწრაფულობას და გამძლეობას, რომელმაც რკინის ფარდის მოშლა შეძლო. დღეს ბერლინის კედლის ფრაგმენტი ჩვენი დედაქალაქის -თბილისის გულშია წარმოდგენილი ქართველთა და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეთა იმედის ნიშნად. ის გვახსენებს, რომ ცვლილებები შესაძლებელია და ნებისმიერი ხელოვნური ბარიერი - მათ შორის მავთულხლართები - ბოლოს მაინც ჩამოიშლება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გერმანია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა საბჭოთა რეჟიმისგან დაღწევის შემდეგ.

„მადლობელნი ვართ იმისთვის, რომ გვერდით ედექით პირველ ქართულ რესპუბლიკას 100 წლის წინ და აგრძელებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ჩვენი სუვერენიტეტის, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და განვითარების განმტკიცებაში. ქართველები მუდამ გრძნობდნენ განსაკუთრებულ კავშირს გერმანიასთან. ორასი წლის წინ, პირველი გერმანელები ჩამოვიდნენ და დასახლდნენ საქართველოში. მას შემდეგ მოვახერხეთ მეგობრობის შესანიშნავი ისტორიის შექმნა და ერთმანეთის კულტურული გამდიდრება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლებთან ერთად საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობა მრავალმხრივი გახდა და მოიცვა პოლიტიკა, ეკონომიკა, თავდაცვა, განათლება, მეცნიერება და ბევრი სხვა სფერო. მამუკა ბახტაძემ ამ მხრივ ხაზი გაუსვა გერმანიის კანცლერის  საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ანგელა მერკელის ვიზიტმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩინა. 

„გასულ წელს დავიწყეთ საქართველო-გერმანიის წლის აღნიშვნა. მაღალი დონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ღონისძიებები აგვისტოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტით დაგვირგვინდა. ამ ისტორიულმა ვიზიტმა ახალი სული შთაბერა ჩვენს თანამშრომლობას და ქართულ-გერმანულმა ურთიერთობებმა ახალი სტარტი აიღო. მახარებს ის ფაქტი, რომ გერმანიის კანცლერის ვიზიტის შემდეგ სპეციალური ორმხრივი მექანიზმი შევქმენით, რაც გულისხმობს ყოველწლიურად მეტი გერმანელი ბიზნეს ინტერესის  მოზიდვას საქართველოში. ჩვენ გვსურს, მეტი გერმანული ბიზნესი განვითარდეს საქართველოს მიწაზე და ბევრი გერმანელი ტურისტის ხილვა გვინდა ჩვენს ქვეყანაში. გერმანიას ძვირფას მეგობრად მივიჩნევთ, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დახმარებას გვიწევს და მიგვიძღვება ამ რთულ გზაზე ევროპის ერთა ოჯახისკენ, რომელთანაც საზიარო ისტორია, კულტურა და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ღირებულებათა სისტემა გაგვაჩნია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართულ-გერმანული მეგობრობა მნიშვნელოვანია კულტურულ კონტექსტშიც. მთავრობის მეთაურმა ყურადღება მოახლოებულ ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის გამოფენაზე გაამახვილა  და აღნიშნა, რომ გამოფენა უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, გერმანიამ და დანარჩენმა მსოფლიომ გაიცნოს თანამედროვე საქართველო და მისი ისტორია.

„მსურს იცოდეთ, რამდენად ვაფასებთ ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის გამოფენაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას. მომავალ კვირას მივემგზავრები გერმანიაში ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის გამოფენა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, გერმანიასა და დანარჩენ მსოფლიოს გავაცნოთ თანამედროვე საქართველო და მისი მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები, ისტორია და კულტურა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმები განსაკუთრებულად აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში,  ჰუბერტ კნირშმა. როგორც გერმანელმა დიპლომატმა განაცხადა, გერმანიას სურს, იყოს საქართველოს წარმატების ნაწილი და კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტით ეს კარგად გამოჩნდა.

„საქართველოში დიდ რეფორმებს და ძალისხმევას ვხედავთ და გერმანიას სურს, იყოს საქართველოს წარმატების ნაწილი. ეს კარგად გამოჩნდა კანცლერ მერკელის ვიზიტითაც, რაც იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული გზის მხარდაჭერის დადასტურება. ამაზე მიუთითებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრობა", - განაცხადა ჰუბერტ კნირშმა. 


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური