საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-14

დილა მშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, საქართველოს მეგობრებო!

დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვა. ყველაზე ღირსეული პასუხი ამ გამოწვევებზე არის განათლებული საქართველო. განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს. მე განვაცხადე, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები. შესაბამისად, დღეს  ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ემოციური დღეა. ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება და მე ამას გპირდებით, ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და დავაყენებთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს.

სწორედ ამიტომ დღეს აქ, ამ წმინდა ადგილას, იყალთოს აკადემიის კედლებში ჩვენ - მე და ჩემი გუნდი, წარმოგიდგენთ განათლების რეფორმის ხედვას.

2018-2023 წლების 5-წლიან ციკლში მოხდება იმ ძირითადი ბირთვის დანერგვა, რომელიც ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას სინქრონიზაციაში მოიყვანს ევროპული განათლების სისტემასთან.

ხოლო 2019 წლის შემოდგომაზე ჩვენ წარვადგენთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, ის, რომ სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ 10 ან 11%-იანი წილი.

21-ე საუკუნეში ვერც ერთი სახელმწიფო და ვერც ერთი ეკონომიკა იქნება წარმატებული, თუ ის არ ეფუძნება ადამიანური კაპიტალის შექმნას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს გახლავთ, რომ განათლების რეფორმამ უზრუნველყოს საქართველოში ისეთი ადამიანური კაპიტალის შექმნა, ისეთი სისტემების შექმნა, რომელიც საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში შეიყვანს.

ჩვენ ასევე ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად. ამ რესურსების მოწოდებას მოახდენს როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორი, რომელიც უკვე გამოხატავს მზაობას განათლების რეფორმაში მონაწილეობისთვის. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ამ მიმართულებით გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა. ბევრი მათგანი დღევანდელ შეხვედრას ესწრება და  მინდა, მათ დიდი მადლობა გადავხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

განათლების რეფორმა განხორციელდება ხუთი მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარება ნებისმიერ ასაკში. სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან სწორედ განათლება  ადრეული ასაკიდან,  შემდეგ აისახება განვითარების შემდეგ საფეხურებზე. მოგეხსენებათ, დღეს სამწუხაროდ, სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი, რაც ძალიან დიდი შეცდომაა და  მას აუცილებლად გამოვასწორებთ.

რეფორმირებული სკოლა ორიენტირებული იქნება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, ინოვაციურობაზე, ინკლუზიურობაზე, ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებზე.

2019 წელს დავიწყებთ 50 სკოლით და ეტაპობრივად მოვახდენთ ჩვენს სკოლებში სწავლის ახალი მოდელის დანერგვას, ხოლო 2023 წლისთვის 2000-ზე მეტ სკოლაში სრულად იქნება დანერგილი ეს მოდელი.

ჩვენ საქართველოში არ გვსურს, ვიხილოთ რამდენიმე, ან თუნდაც რამდენიმე ათეული პრესტიჟული სკოლა. ყველა სკოლა საქართველოსი უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის.

რეფორმის შედეგად მივიღებთ სკოლის ახალ მოდელს, რომელიც იქნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შერწყმა ქართულ რეალობასთან და ქართულ სამეცნიერო თუ პედაგოგიურ გამოცდილებასთან.

გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა, პირველ ეტაპზე, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს დაახლოებით 10 000-მდე მასწავლებელი, ხოლო ჩვენი ამოცანაა, 2022 წლისთვის, საჯარო სკოლაში დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ.

ძლიერ თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო.

ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც მართავს სკოლას მართვის ახალი მოდელით. სკოლაში დაინერგება სწავლების ახალი მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ასწავლიან გადამზადებული მასწავლებლები.

ამასთან ერთად, სკოლებს მიეცემა თავისუფლება გარკვეული საგნების სწავლების  მეთოდოლოგიის ნაწილში.

სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს და პასუხობდეს ახალ მიზნებს და ამოცანებს.

დღეს გარემო ჩვენს ირგვლივ სწრაფად იცვლება. ასეთი დინამიკის პირობებში, იმისთვის, რომ ბავშვმა, მოზარდმა წარმატებას მიაღწიოს, მისი განვითარება უნდა იყოს ამ ცვლილებების ადეკვატური. შესაბამისად, აუცილებელია, სკოლა მოსწავლეს აძლევდეს სისტემურ განათლებას, ასწავლიდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, ინოვაციურ მიდგომებს.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ძლიერი სკოლა უნდა უყალიბებდეს მოსწავლეს ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს, დემოკრატიულ და ტოლერანტულ ღირებულებებს, უვითარებდეს საკვანძო და პერსონალურ უნარ-ჩვევებს.

ძლიერი თანამედროვე სკოლა ამავე დროს უნდა ეფუძნებოდეს ახალ ტექნოლოგიებს, შეძლებისდაგვარად უნდა ვითარდებოდეს ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ.

პროფესიული განათლება - ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენს რეფორმაში. ის ორიენტირებული იქნება რეგიონული განვითარების საჭიროებებზე და სწრაფ დასაქმებაზე. ჩვენი ამოცანა იქნება, უმოკლეს პერიოდში გავზარდოთ სტუდენტების რაოდენობა რეგიონებში და განვავითაროთ პროფესიული განათლების ცენტრები.

უმაღლესი განათლების მიმართულებით გვექნება დაფინანსების ახალი მოდელი; მოხდება ინტეგრაცია ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც რეგიონული განვითარების ცენტრის შესახებ, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოს ისტორიული როლი - იყოს რეგიონის ცენტრი და ამავდროულად, განათლების ცენტრი ჩვენი ფართო რეგიონისთვის.

ამავე დროს, შეიქმნება საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების პორტალი, სისტემა იმუშავებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს სანდოობის ამაღლებას, გამჭვირვალობის უმაღლეს ხარისხს, ფინანსების დაზოგვას, პროცესების გამარტივებას, ორიენტირებულობას სწრაფ შედეგებზე.

კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ცოდნა არაა მხოლოდ ინფორმაციის დაგროვება, ეს არ არის სწორი მიდგომა. სრულფასოვანი ცოდნა გულისხმობს ინფორმაციის შემოქმედებითი დამუშავების  და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარს. სწორედ ამ მიდგომაზე იქნება ორიენტირებული ჩვენი რეფორმა. ჩვენი ახალგაზრდობა უნდა აღიჭურვოს ცოდნით, ფართო თვალსაწიერით და რაც მთავარია, საზოგადოებრივი სიკეთეების შექმნის უნარებით.

ჩვენი ერის მამები - გელათისა და იყალთოს აკადემიის შემქმნელები, ასევე ჩვენი დიდი განმანათლებლები - ვახტანგ მეექვსე და სულხან-საბა ორბელიანი, მათი სახელოვანი მემკვიდრეები - ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულები, და ასევე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები, სწორედ განათლებაში ხედავდნენ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, განვითარებისა და წინსვლის მთავარ მამოძრავებელ ძალას. 

საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, იმ ცივილიზაციის, რომელშიც ჩვენ, ქართველებს დიდი წვლილი მიგვიძღვის. ჩვენ დღეს მივისწრაფით, დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს, მაგრამ ეს არაა თვითმიზანი, ან ვიღაცის დაკრულზე ცეკვა. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ჩვენი საზოგადოების შინაგანი გაძლიერების გზა, რომელიც ჩვენ საუკუნეების წინ ავირჩიეთ.

მინდა, ჩემი მიმართვა დავასრულო კვლავაც ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, საქართველოში ევროპული განათლებისა და, საერთოდ, ევროპულობის დამკვიდრების დიდი ქომაგის სიტყვებით:

"სხვა არაფერი გაუსწორებს ომს ცოდნასა, თუ არა ისევ ცოდნა, სხვა ვერაფერი გვიხსნის სიღარიბისგან, თუ არა ის ხერხი, ის უნარი, ის ძალ-ღონე, რომელსაც მარტო ცოდნა და სწავლა-განათლება იძლევა".

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.