საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-12

 

 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს შეეხო. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის კურსს.

მხარეებმა განიხილეს ასევე რეგიონში არსებული გამოწვევები. ხაზგასმით აღინიშნა  თავისუფალი ვაჭრობის კუთხით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე.

ამასთან, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მყარი ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში, რის დასტურიც არის ბოლო პერიოდში ინიცირებული რეზოლუციები, ასევე საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ისაუბრეს  მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება. აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში, იქნება კიდევ ერთი კარგი საშუალება იმისთვის, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან განხილული იქნას ურთიერთობის ყველა ის ძირითადი მიმართულება, რაც გათვალისწინებულია  საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით.

გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხს და აღინიშნა, რომ მსგავსი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური