მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მშპ-ში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-12

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც განათლების რეფორმის პრეზენტაცია დააანონსა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, რომ განათლების სექტორში რეფორმირების პირველი ფაზის დაწყება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„ჩვენ გამოვყავით 5 დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება. ეს გახლავთ ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში. ეს იქნება ჩემი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას რეფორმის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა, ვინაიდან, ეს არის რეფორმა, რომელიც საქართველოს წარმატებას მოუტანს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური