საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კონფერენციაზე გამოსვლა 11 სექტემბრის ტრაგედიისა და სენატორ მაკკეინის გახსენებით დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა 11 სექტემბრის ტრაგედიისა და საქართველოს მეგობრის - სენატორ ჯონ მაკკეინის გახსენებით დაიწყო.

„დღეს 11 სექტემბერია. 17 წლის წინ 11 სექტემბერს მომხდარმა საშინელმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისმოყვარე ადამიანები ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ თბილისში, ამ კონფერენციის ფარგლებში შევიკრიბეთ, რომელიც ამაყად ატარებს დიდი ადამიანის, დიდი ამერიკელის, ჩვენი დამოუკიდებლობის და მთელ მსოფლიოში თავისუფლების გულმხურვალე ქომაგის, სენატორ მაკკეინის სახელს. ის ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ეს გზა გამოწვევებით აღსავსეა, თუმცა საქართველო წარმატებულად მიიწევს წინ.
„ეს გამოწვევები ყველასთვის ცნობილია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ნატო აცხადებს, რომ მისი ღია კარის პოლიტიკა გრძელდება და საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაწევრიანებისთვის. ჩვენ მოლოდინები ძალიან ოპტიმისტურია. გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ნატოს ბოლო სამიტზე დადასტურდა ნატოს ღირებულებებისადმი ერთგულება და მისი მნიშვნელობა. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი ხმარდება თავდაცვის სფეროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ ამ მიმართულებით და ნატოს სულ უფრო მეტი წევრი თვლის, რომ საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას. ბრიუსელში დადასტურდა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური