საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ფოკუსირებული ვართ, რათა საქართველოში შევქმნათ კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალი ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-07

-

„ჩვენ ვართ მთლიანად ფოკუსირებული იმაზე, რომ საქართველოში შევქმნათ ისეთი ადამიანური კაპიტალი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება 21-ე საუკუნეში, ციფრულ ეპოქაში" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პროგრესული ალიანსის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეკონომიკაში" განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობითი კონფერენციის გამართვა საქართველოში ,,ქართული ოცნების",  ჯერ კიდევ ახალგაზრდა პარტიის, აღიარებაა ისეთი გაერთიანების მიერ, როგორიცაა „პროგრესული ალიანსი", რომელიც  მსოფლიოს  პროგრესულ პარტიებს აერთიანებს.  

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ,,ქართული ოცნებისთვის"  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატშიც დგას იმ გაერთიანების  გვერდით, რომელშიც მსოფლიოს 120-მდე წამყვანი პოლიტიკური პარტია შედის.

„ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და სტიმული პარტიისათვის. რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ" უკვე დაამყარა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, ერთად განვიხილავთ გლობალურ დღის წესრიგსა და ყველა გამოწვევას, რომელთა წინაშეც ჩვენი რეგიონი და მსოფლიო დგას. ამ გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია რაციონალური ხედვა და ერთიანობა. სასიხარულოა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება, მეტად მტკიცდება საერთო პოზიციები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს და მთავარი ამოცანაა, რომ განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში.

„ეს არის ძალიან ამბიციური ამოცანა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ რეფორმის შედეგად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.  განათლება უნდა მოვარგოთ ახალ ეკონომიკურ გამოწვევებს. ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი სპეციალისტები და პროფესიონალები გლობალურ შრომით ბაზარზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ ციფრული ეპოქა გარკვეულ პროფესიებში სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს, მაგრამ ამავე დროს, აუცილებლად იქნება  მოთხოვნა ახალ პროფესიებზე.

„მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ, რომ მხოლოდ კიბერუსაფრთხოების დარგში უკვე დღეს მსოფლიოში არის დაახლოებით სამი მილიონი სამუშაო ადგილი, რომელიც ვერ ივსება, იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობენ სპეციალისტები. სწორედ ასეთ პროფესიებზე და ასეთ შესაძლებლობებზე იქნება მორგებული ჩვენი განათლების რეფორმაც. ჩვენთვის მთავარია, ქვეყანაში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ინკლუზიური ზრდა ნიშნავს თითოეული მოქალაქის ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობით პროცესში. ვფიქრობ, რომ ციფრული ტექნოლოგიები იძლევა ამის უნიკალურ საშუალებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლაში საქართველოს ევროპულ არჩევანსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ ადგას დემოკრატიისა და დიდი ევროპული ოჯახისაკენ მიმავალ გზას და ამ გზაზე საქართველოს ზურგს უმაგრებს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა.

„არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას - ჩვენთვის ევროპული ოჯახი ეს არ გახლავთ პოლიტიკური, ან გეოპოლიტიკური არჩევანი, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ეს არის ის ოჯახი, ის სივრცე, სადაც ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფოებრიობა და სადაც ჩვენ შევიტანეთ საერთო ცივილიზაციის შექმნაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. შესაბამისად, სწორედ ევროპა და ევროკავშირი გახლავთ ის ერთადერთი ოჯახი, სადაც საქართველო შეიძლება დაბრუნდეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება ევროპელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა იმ ძირითად საკითხებში, რომლებიც უცილებელია საქართველოს წინსვლისთვის, დემოკრატიის განვითარებისა და საქართველოს მთავარი მიზნის - ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის. 

„ჩვენ ძალიან მტკიცე ნაბიჯები გადავდგით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისათვის საქართველოში და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ეს თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ. ამის მაგალითად  შემიძლია მოგიყვანოთ ის უნიკალური შემთხვევა, რომელიც ჩვენ გვქონდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, როდესაც საქართველო მოხვდა საუკეთესო ხუთ ქვეყანას შორის, რომლის საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა არის საუკეთესო. საუკეთესო ხუთეული - სწორედ ასეთი ამბიციური მიზნები გვაქვს ჩვენ. რაც შეეხება დემოკრატიული ინსტიტუტებს, რაც შეეხება გამჭვირვალობას, ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა.

„დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მტკივნეული და მწვავე გამოწვევა - საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რაც ამ ტერიტორიებზე ხდება, ვერანაირ სხვა სახელს ვერ დავარქმევთ, თუ არა ჰუმანიტარულ კატასტროფას. ცხინვალის რეგიონში ომამდე მოსახლეობის რაოდენობა იყო 120 ათასი ადამიანი, დღეს სამწუხაროდ, ამ რეგიონში არ არის დარჩენილი 20 ათას ადამიანზე მეტი. აქედან 7 ათასი გახლავთ რუსეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურე. აფხაზეთშიც სამწუხაროდ გვაქვს იგივე სიტუაცია. ომის პერიოდამდე მოსახლეობა იყო 550 ათასი, დღეს სამწუხაროდ, 120 ათას ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მშვიდობა, და განვითარება. არის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაციას ჩვენს საერთო სამშობლოში. ბუნებრივია, ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრების დახმარება და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მტკიცედ დგახართ ქართული დემოკრატიის გვერდით. გლობალიზაციის ეპოქაში ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება ჩაკეტილ სივრცეში. ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური