საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას შატილში “შატილობა 2018” მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-01

  1

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შატილში მოსახლეობას ტრადიციული დღესასწაული "შატილობა" მიულოცა. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივებს გამძლეობისა და სამშობლოს ერთგულებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მთის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა. 

"ეს სიყვარული, რომელიც დღეს აქ იგრძნობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს შატილს და ქართულ მთას, იმ მთას, სადაც ყველაზე უფრო ინახავენ ქართულ გენს, ქართულ სულსა და ტრადიციებს. შატილი საუკუნეების განმავლობაში იყო ჩვენი ჩრდილოეთ საზღვრების დარაჯი. თითოეული ქართველი და მსოფლიო  კულტურა ამაყობს ამ უნიკალური ძეგლით. ჩვენ დავიწყეთ შატილში სარეაბილიტაციო სამუშაოები. წელსაც მოხდა ერთი კოშკის რეაბილიტაცია და უკვე გვაქვს განვითარების გენერალური გეგმა",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მამუკა ბახტაძემ ასევე ისაუბრა კიდევ ერთი უნიკალური ძეგლის - მუცოს მდგრადი განვითარებისა და რეაბილიტაციის ხუთწლიან გეგმაზე, რომლის შესაბამისად განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

"ძალიან მნიშვნელოვანია, სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარეობდეს ისე, რომ თითოეული დეტალი და ნიუანსი შევინარჩუნოთ, ჩანდეს ჩვენი სიამაყის - ამ ძეგლების თავდაპირველი სახე. ჩვენ ძალიან სწრაფად ვახორციელებთ გზების რეაბილიტაციას, ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას და დარწმუნებული ვარ, ეს პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ასეთ ადგილებში დაბრუნდნენ ჩვენი მოქალაქეები, თქვენ დაუბრუნდეთ თქვენს მამა-პაპისეულ მიწა-წყალს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამავე დროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, როგორც დაგპირდით, რამდენიმე თვეში დავიწყებთ ხელმისაწვდომი დაფინანსების პროგრამას, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება იმას, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს ისეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა თავის ოჯახებში, რომელიც მათ დამატებით შემოსავალს მოუტანს, ხოლო საქართველოს მოუტანს დამატებით ტურისტებს და იმას, რომ მთელმა მსოფლიომ გაიცნოს, რამხელა ტრადიციებისა და კულტურის მატარებელი ერი ვართ ჩვენ, ქართველები", - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურმა შატილის  უნიკალური კოშკების კომპლექსი დაათვალიერა, ასევე დაესწრო "შავფაროსნების" ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენას და ლუდის კოდის დალოცვის რიტუალს, რომელიც შატილობასთან დაკავშირებით ხევისბერმა შეასრულა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური