საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - გერმანიის კანცლერის მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-17

გერმანიის კანცლერის მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანგელა მერკელის ვიზიტი  ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს. გერმანიის კანცლერთან ერთად საქართველოს ეწვევიან  ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში შედგება საუბარი და ამ შეხვედრაში მონაწილეობას ქართველი ბიზნესმენებიც მიიღებენ.

„მოგეხსენებათ 23 აგვისტოს საქართველოს ეწვევა გერმანიის კანცლერი ქალბატონი მერკელი. ეს გახლავთ ქალბატონ კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა, ეს ვიზიტი მოიცავს ეკონომიკურ კომპონენტსაც. ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარი, მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას ქართველი ბიზნესმენებიც მიიღებენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის  პარტნიორული ურთიერთობისა და მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

"წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის სანდო და საიმედო პარტნიორია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური