პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე - “მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ” ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-07

--

----

ბატონო პრეზიდენტო,

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

მთავრობისა და პარლამენტის წევრებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

პირველ რიგში, მსურს მივესალმო ჩვენს პატივცემულ სტუმრებს:

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ იაცეკ ჩაპუტოვიჩს,

უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს, ბატონ პავლო როზენკოს,

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ლინას ლინკევიჩიუსს,

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ედგარს რინკევიჩსს,

ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომლებმაც დღევანდელ დღეს თბილისში ყოფნით გამოხატეს თავისი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. მსურს, მადლობა გადავუხადო მათ მთავრობებსა და ხალხს, 2008 წლის აგვისტოში და შემდგომი 10 წლის განმავლობაში გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მივესალმები ასევე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც ურყევად გვიჭერენ მხარს და  გვერდში გვიდგანან ამ ურთულეს გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.

ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო,

დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. დღე, რომელიც უკავშირდება ტკივილს და უსამართლობას, დღე, რომელიც არ არის მხოლოდ ათი წლის წინანდელი წარსული. ეს გამოწვევები დღემდე ღიად რჩება და გახლავთ მთავარი ბარიერი არსებული ბარიერების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მოლოდინში.  

ზუსტად 10 წლის წინ ქართველმა ხალხმა თავის თავზე კიდევ ერთხელ იწვნია რუსეთის ღია სამხედრო აგრესია. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფართო სამხედრო ინტერვენციამ და მოგვიანებით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე საჰაერო იერიშის მიტანამ მიიღო სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების სახე.

ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია, ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა და ათეულობით ათასი ახალი დევნილი. აგრესიის შედეგად ათეულობით ქართული სოფელი განადგურდა. რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს კონტროლის ქვეშ არსებული 5 ხეობისა და 100-ზე მეტი სოფლის ოკუპაცია. უმძიმესი იყო ადამიანური დანაკარგიც. აგვისტოს ომმა შეიწირა ათეულობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე.

10 წლის შემდეგ კვლავ გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და უკანონო მოქმედებები მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, ომის შემდგომი პერიოდი - ეს იყო მავთულხლართების, ძალადობის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების, იზოლაციის, ზეწოლის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და უკანონო დაკავებების 10 წელი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობა უმძიმეს პირობებში და ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ცხოვრებას. 

ოკუპაციამ და ადგილზე არსებულმა უკანონობამ, სამწუხაროდ, ომის შემდგომაც შეიწირა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. იძულებით გადაადგილებული პირების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფა საოკუპაციო რეჟიმების მიერ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ კონფლიქტის მოწესრიგებისგან. 

ამას ისიც ემატება, რომ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი 25 წელზე მეტია, მოკლებულია საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობას. დევნილობაში გაიზარდნენ თაობები, რომლებიც არ კარგავენ საკუთარ სახლში დაბრუნებისა და აფხაზებსა და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს.

განვლილი წლების სიმძიმემ და გამოწვევებმა ყველას ნათლად დაანახა, რომ დღეს არსებული ვითარება არ არის ის იდეალური მდგომარეობა, რისკენაც აფხაზები, ოსები და ქართველები ვისწრაფვით. სწორედ ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა - აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა ერთად უნდა გამოვნახოთ ძალა და ნება, ამ თავსმოხვეული პროვოკაციის დასაძლევად და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული მშვიდობის მისაღწევად.

ქალბატონებო და ბატონებო,

დღევანდელ დღეს მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ 10 წლის განმავლობაში ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე, საქართველომ შეძლო და დაამტკიცა, რომ არის ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო და შესწევს ძალა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, მიაღწიოს წარმატებას. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელმაც შეძლო შეუქცევადი წინსვლა იმ საპასუხისმგებლო გზაზე, რასაც ჰქვია ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა და ევროატლანტიკური სივრცისკენ შეუქცევადი სვლა. ჩვენი ქვეყანა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული და პასუხისმგებლიანი წევრი, წარმატებით აგრძელებს მსხვილი კონტრიბუციის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა შესაძლებელი გახადოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას სამშვიდობო გზას, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისაკენ, დევნილების დაბრუნებისაკენ და ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ურთიერთობისა და ნდობის აღდგენისკენ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ გადადგმული არაერთი სამშვიდობო ნაბიჯი იმის დასტურია, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს განზრახული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. თუმცა დღევანდელ დღეს, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვას ხაზი, რომ საქართველოსა და ჩვენი ერის ინტერესში არის მხოლოდ მშვიდობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

საქართველოს ინტერესშია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირება საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე.

ქართველი ხალხის ინტერესშია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მდგრადი და მშვიდობიანი განვითარება. დიახ, საქართველო დაინტერესებულია, რომ ჩვენ ერთობლივად შევქმნათ უკეთესი ცხოვრებისა და განვითარების პირობები ამ რეგიონში, რადგან მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ განვითარებისა და ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის გზით.

ჩვენი ძალისხმევის შედეგად, დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მაღალ დონეზე დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. საერთაშორისო თანამეგობრობა კონსოლიდირებულია საქართველოს მხარდაჭერაში და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, შეცვალოს აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია.

ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობით სამშვიდობო ფორმატებში - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში - ვახერხებთ, ურთულესი გამოწვევებისა და პროვოკაციების პირობებში თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის ესკალაცია. ჩვენი აქტიური ძალისხმევით რთულად, მაგრამ მაინც ვახერხებთ, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებისა და პრობლემების ეტაპობრივ გადაჭრას.

10 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებდა ძალას და ომის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნებდა რუსეთის სამხედრო შენაერთებს. თუ რუსეთის მთავრობა იაზრებს რუსი ხალხისა და სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესს სამეზობლოში მშვიდობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით და სურს კეთილმეზობლური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა საქართველოსთან, მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად. რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები.  რუსეთის ფედერაციამ უნდა შეწყვიტოს მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა საოკუპაციო ხაზზე და არ შეუშალოს ხელი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას ადგილზე.

დღეს, ამდენი წლის შემდეგ, როცა ადამიანებს თბილისში, სოხუმში, ცხინვალსა თუ სხვა ქალაქებში თითქოსდა გარკვეულ მომენტებში დაკარგული აქვთ კონფლიქტის დარეგულირების იმედი, მინდა, ხაზგასმით ვუთხრა, რომ მოდით, თვითკრიტიკულად გავიაზროთ განვლილი დრამატული პერიოდი და ეს არის ერთადერთი სწორი მიდგომა სამომავლოდ საერთო ენის გამონახვაში. მე მჯერა, რომ ერთ დღესაც ჩვენ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, აუცილებლად გადავჭრით ყველა არსებულ გამოწვევას და გამოვნახავთ გზებს მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს. და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის საერთო ინტერესები, საერთო წარსული, ღირებულებები და ისტორია, რაც ჩვენ გვაერთიანებს.

ჩვენი პასუხი მავთულხლართებზე, ხელოვნურ ბარიერებზე, ოჯახების გაყოფაზე და ე.წ. გამშვებ პუნქტებზე არის თამამი სამშვიდობო ინიციატივები. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და ხალხთაშორისი კონტაქტების აღდგენას. ეს არის წინადადებები, რომლებიც სწორედ დაფუძნებულია იმ მოსახლეობის ინტერესზე, რომელიც დღეს ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

და ბოლოს, დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და კონსოლიდირებული პოზიცია, რათა რუსეთის ფედერაციამ მიიღოს მკაფიო სიგნალი, რომ მსოფლიო არ შეეგუება სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით თვითნებურად ცვლილების მცდელობებს. ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებითა და ძალისხმევით, შესაძლებელი გახდება საქართველოში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა, ქვეყნის დეოკუპაცია და ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგება.

ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე და ქვეყნის ოკუპაციაზე არის მშვიდობა, ქვეყნის მდგრადი განვითარება, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, ეკონომიკის განვითარება, ჩვენი შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი, უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის,რომ ერთად ვაშენოთ ძლიერი და ევროპული საქართველო.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.