საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერმა და ლატვიის ელჩმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე ისაუბრეს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-02

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინგრიდა ლევრენცემ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მხარდაჭერისა და მეგობრობის გამოხატულებად აფასებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსის ვიზიტს, რომელიც რამდენიმე კოლეგასთან ერთად თბილისს 6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ეწვევა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების პოტენციალზე და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით, ისევე, როგორც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც უწყობს ხელს.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ევროპული და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

ლატვიურმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის გარემოსდაცვითი ხედვა - „მწვანე პოლიტიკა", რომელიც მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა დაინტერესება, საქართველომ აღნიშნულ სფეროში, მათ შორის ტყის მართვის კუთხით, ლატვიის წარმატებული გამოცდილება გაიზიაროს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური