საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

ანდრის მამიკინსი - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გამოვთქვი სურვილი, საქართველო მალე ვიხილო ევროკავშირის სრულფასოვან წევრად ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-24

--

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გამოვთქვი სურვილი, საქართველო მალე ვიხილო ევროკავშირის პოლიტიკურ შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ სრულფასოვან წევრობაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა ანდრის მამიკინსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მხარეებმა ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებზე ისაუბრეს.

ანდრის მამიკინსმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთი მიმართულებით შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია, რაც ბევრი ევროპული ქვეყნისთვისაც სამაგალითოა. ევროპარლამენტის მომხსენებელმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა. ევროპარლამენტის წევრის თქმით, საქართველოს მოქმედი მინისტრთა კაბინეტი მზადაა, პროევროპული ვექტორი გაატაროს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პოლიტიკაში და დაიცვას საკუთარი ხალხი.

მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის წევრს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ", რომელიც ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მითითებული პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ანდრის მამიკინსი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის ავტორი იქნება, რომელსაც ევროპარლამენტი ამზადებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური