საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტი შეაჯამა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-20

დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ბატონ იოჰანეს ჰანთან. ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ დაანონსებული გვაქვს ძალიან დიდ მხარდაჭერას ჰპოვებს ჩვენს მეგობრებში. ამასთან ერთად, განვიხილეთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)ფარგლებში ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც ასევე ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს.

გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და, ასევე, ჩვენს სხვა პარტნიორებთან. კიდევ ერთხელ აღინიშნა ძალიან პრინციპული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გაჟღერდა ჩვენი მხარდასაჭერი სიტყვები.

ამასთან, ჩვენ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოვიპოვეთ იმ ეკონომიკურ რეფორმებში, რომლებსაც განვახორციელებთ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, ანუ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, სადაც ჩვენ შევძლებთ ეკონომიკური დოვლათის უფრო თანაბრად გადანაწილებას ჩვენს მოქალაქეებზე.

ამასთან ერთად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ნატო-ს ოფისში, მათ შორის გენერალურ მდივანთან, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა სრული მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა, სრული მხარდაჭერა, იმ გზაზე რასაც ჰქვია საქართველოს  ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში და, ამავე დროს, სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებისა, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ავამაღლოთ, გავაძლიეროთ და მოვიყვანოთ უნისონში ნატო-ს სტანდარტებთან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური