საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებები მედიისთვის  ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

ბატონო გენერალურო მდივანო!

მადლობა ამ მხარდამჭერი და კეთილგანწყობილი სიტყვებისთვის. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ნატოში.

საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატოში გაწევრიანების მიმართ.

შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ ნატოს უკანასკნელ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, თუ როგორ დააახლოებს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს ნატოს წევრობასთან. ჩვენ ასევე დავგეგმეთ ჩვენი კოორდინირებული მუშაობა ახლო მომავლისთვის ამ თვალსაზრისით.

ჩვენ განვიხილეთ სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები.

ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. საქართველოს უკვე შეაქვს საკუთარი წვლილი შავი ზღვის უსაფრთხოებაში და ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ ჩართულობას და ერთობლივ მცდელობებს ამ მიმართულებით გაძლიერებისთვის. ჩვენ გვექნება უფრო აქტიური საზღვაო თანამშრომლობა და ასევე გაფართოებული ორმხრივი სიტუაციური ცოდნა.

საქართველოში თავდაცვის სფეროს რეფორმებზე და ამ თვალსაზრისით ნატოს წვლილზე საუბრისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი იძლევა შედეგებს. სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს პროცესი ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონტრმობილობა, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერთავდაცვა.

მომავალ წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნას და მოკავშირეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ წვრთნაში.


ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ნატოს ოპერაციებსა და მისიებში, მათ შორის, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.

მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.

ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის" აღიარება და გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან. ბატონმა სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს მიერ ალიანსის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელებული რეფორმები - ნატოს მხარდაჭერით - ხელს შეუწყობს ჩვენი ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზანს.

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ბრიუსელში ერთი კვირის წინ და ჩვენი ერთობლივი მცდელობები მიმართულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესასრულებლად.

კიდევ ერთხელ მსურს გადაგიხადოთ მადლობა პირადად თქვენ ბატონო გენერალურო მდივანო, ამ მნიშვნელოვან გზაზე საქართველოს - ჩვენი ქვეყნისა და ერის - განუხრელი მხარდაჭერისთვის.

მადლობა.


ნატოს გერენალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:

ბატონო პრემიერ მინისტრო!

დიდი სიამოვნება და პატივია თქვენი მასპინძლობა ნატოს შტაბბინაში, ჩვენს ახალ შენობაში. მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოს და პირადად თქვენდამი იმ მრავალი წვლილისთვის, რომელიც ნატოს მისიებში და ოპერაციებში, ნატოს რეაგირების ძალებსა და ზოგადად ჩვენს პარტნიორობაში შეგაქვთ. უაღრესად მადლობელი ვართ იმ მჭიდრო თანამშრომლობისა და საერთოდ ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ ნატოსა და საქართველოს სასიკეთოდ.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში თქვენი წვლილი. საქართველო უკვე მრავალი წლის განმავლობაში არის ერთ-ერთი უმსხვილესი მონაწილე მტკიცე მხარდაჭერის მისიებში და თქვენი მამაცი მეომრების წყალობით მოვახერხეთ, თავიდან აგვეცილებინა ავღანეთის საერთაშორისო ტერორიზმის წალკოტად გადაქცევა.

ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ნატოს ჯარებთან ერთად წვრთნით თქვენს შეიარაღებულ ძალებს. მე შევხვედრივარ ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთშიც და ნატოს წვრთნებისას. თავად ის ფაქტი, რომ ხართ ნატოს რეაგირების ძალების მონაწილე, იმას ცხადყოფს, რომ თქვენი ჯარისკაცები და სამხედრო ძალა ნატოს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია და მონაწილეობის მიღება შეუძლია ნატოს წვრთნებში, მისიებში და ოპერაციებში.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. გასულ კვირას გამართულ სამიტზე ოცდაცხრავე მოკავშირემ ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს შეესაბამება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. განვაგრძობთ მუშაობას ნატოს წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად. თქვენ შთამბეჭდავი წინსვლა გაქვთ რეფორმების განხორციელების პროცესში, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტური უსაფრთხოების, თავდაცვის ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის საქმეში.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდეს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უკვე ახდენს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მათ შორის ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების გზით, რომლის ცენტრიც თბილისთან ახლოს მდებარეობს.

ველით, რომ მომავალ წელს ნატო-საქართველოს წვრთნებში მოკავშირეთა უფრო ფართო ჩართულობის მომსწრენი გავხდებით.

დღეს განვიხილეთ ასევე შავი ზღვის აუზისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, ისევე როგორც რუსეთის მნიშვნელოვანი გააქტიურება რეგიონში ნატოს მზარდ წარმომადგენლობაზე. შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობისაა ნატოსთვის და საქართველო ზრდის თანამშრომლობას ამ სფეროში საზღვრის დაცვისა და სანაპირო ზოლის დამცავ სამხედროთა წვრთნების გზით, საქართველოსა და ნატოს საზღვაო ფლოტის გაზრდილი ურთიერთობისა და მეტი თანამშრომლობით საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ცენტრსა და ნატოს საზღვაო ხომალდების ცენტრს შორის.

ამდენად, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს მოიცავს.

მოვუწოდებთ რუსეთს, რომ თავიანთი ძალები თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიყვანოს.

ამდენად, ბატონო პრემიერ-მინისტრო, კვლავ გიხდით მადლობას მობრძანებისთვის და დღეს ნატოს შტაბბინაში სტუმრობისთვის. საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასე ძლიერი!

კიდევ ერთხელ, მოგესალმებით!